ეკონომიკა
ღვინის ექსპორტი შემცირდა
ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-70%) და უკრაინაში (-57%) ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. ამ ფაქტმა გავლენა იქონია მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების ექსპორტის მონაცემებზე. 2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 31 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 455 407 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 30 151 039 აშშ დოლარს შეადგენს. 2014 წელთან შედარებით (22 779 153 ბოთლი) კლება არის, რაც განპირობებულია გასულ წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის გატანის პიკური მაჩვენებლით. ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში წელს ექსპორტირებულია 1 973 829 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 5 714 271 აშშ დოლარს აღწევს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (1 294 883) და უკრაინა (458 544). 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი, იაპონია, ლატვია, ესტონეთი, გერმანია, აშშ, კანადა, და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 4 760 721, ყაზახეთი - 1 731 126, უკრაინა - 1 072 530, პოლონეთი - 644 672, ჩინეთი - 602 917 ბოთლი.
| Print |
FaceBook Twitter Google