ეკონომიკა
წელს შესაძლოა მევენახეს ყურძენი ჩასაბარებელი დარჩეს
სავსე რეზერვუარები და გაუსტუმრებელი ვალი - ღვინის ქარხნებში ამჟამად ეს პრობლემებია. როგორც მეწარმეები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ ღვინის გაყიდვა, რთვლის დაწყებამდე ვერ მოახერხეს, ყურძენს ან საერთოდ არ მიიღებენ, ან ჩაიბარებენ დაბალ ფასად. გაყიდვების შემცირების შედეგად შექმნილ პრობლემებზე საუბრობს სს „თელავის ღვინის მარნის“ დირექტორი თენგიზ ჯავახიშვილი, თუმცა განმარტავს, რომ ამ ეტაპზე რთულია გათვლების გაკეთება, რადგან სუტუაციის გამოსწორებისთვის დრო ჯერ კიდევ არის. „თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლებელია, წელს ყურძენი იაფად ჩავიბაროთ ან ჩასაბარებელი დარჩეს. გააჩნია როგორი მოსავალი იქნება, მაგრამ ჯერ ადრეა საუბარი, ამ სამი თვის მანძილზე კიდევ უნდა დაკვირვება. ეს პერიოდი მართლა მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად ჭურჭელი ყველას სავსე აქვს. ეს ღვინო თუ არ გაიყიდა, ჯერ ფული სად ექნებათ, რომ ყურძენი იყიდონ და მერე სად უნდა დაწურონ? ველოდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაყიდვები გაიზარდოს". ჩუმლაყის ღვინის ქარხნის შპს „ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ალავერდის“ დირექტორი ზაზა ბეჟაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებს ინფლაციის გამო ღვინოზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირებს. „მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ძვრები ჩანს, სერიოზული პრობლემაა ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ყურძენი რომ მივიღოთ, ჭურჭელი ხომ უნდა დაიცალოს, 3 თვის განმავლობაში ღვინო არ გაგვიყიდია, ეხლა ამ თვეში წამოვიდა რაღაც შეკვეთები, ვნახოთ, რა იქნება“. სოფელ კარდენახის ღვინის ქარხნის შპს „სამამულოს“ დირექტორი გიორგი ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ყურძენს იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუ მთავრობა დაბალპროცენტიან სესხს მისცემს. „მე შიდა ბაზარზე ვმუშაობ და ლარის კურსის ცვალებადობამ ძალიან მაზარალა. სამწლიანი მაღალპროცენტიანი სესხი მქონდა დოლარში, ჯერჯერობით მეორე წელს ვფარავ. ბოლო 10 თვეა ზარალს ვეღარ ვითვლი, რადგან შემოსავალი ლარში მაქვს. თუ სუბსიდია იქნება, წელს ყურძენს შარშანდელივით მაღალ ფასში ჩავიბარებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არამგონია ასეთი ძვირი გადავიხადო. ღვინო კი მაქვს დარჩენილი, მაგრამ ჭურჭლის პრობლემა არ მაქვს, შემიძლია ყურძნის გარკვეული ოდენობა მივიღო“. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული პრობლემების გამო შემცირებული გაყიდვების მიუხედავად, სიტუაცია საგანგაშო არ არის. სამინისტროში ამბობენ, რომ ამ სამ თვეში შესაძლოა სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალოს, თუმცა როგორი იქნება „რთველი-2015“ ამაზე ვერ საუბრობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google