ეკონომიკა
წნორის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, დაბა წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია. წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა და სამუშაოების ხარისხი შეამოწმა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 35 ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. დაბა წნორის მოსახლეობის 50%-ს წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს გრაფიკით აქვს. პროექტის დასრულების შედეგად წნორის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კოორდინირებით ხორციელდება. პროექტის მიზანია, ახალი ცენტრალური წყალსადენი სისტემის საშუალებით, წნორის მოსახლეობის 6 400 მაცხოვრებლის 24 საათის განმავლობაში მაღალი ხარისხის წყლით უზრუნველყოფა მოხდეს. წლების მანძილზე, ქალაქში წყალმომარაგება ცალკეული უბნების მიხედვით, საუბნო ჭაბურღილებიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოხდება 1 250 კუბიანი რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია, სადაწნეო მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრული რეაბილიტაცია და ქალაქის ქსელის I-II-III ზონის მოწყობა. სამუშაოები 2016 წელს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.
| Print |
FaceBook Twitter Google