ეკონომიკა
ქართული ღვინო პირველად ერთიანი ბრენდირებული სტენდის ქვეშ
ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობას იღებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Vinexpo Bordeaux 2015, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 14-18 ივნისს ტარდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო ამ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი მასშტაბურად, ერთიანი ბრენდირებული სტენდის ქვეშ. Vinexpo-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალები და მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. გასულ წელს გამოფენას 150 ქვეყნიდან 50 ათასამდე ღვინის იმპორტიორი სტუმრობდა. გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ. სააგენტოს ინფორმაციით, წელს ბორდოში წარმოდგენილია შემდეგი ქართული ღვინის კომპანიები: „ბესინი“, „კახური“„თელავის ღვინის მარანი“, „GWS”, “ასკანელი ძმები“, „ჯეოვაინი“, „შუმი“, „ვაზიანი კომპანი“, „ჩელთი“, „თბილღვინო“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „შატო მუხრანი“, გამოფენაზე დამოუკიდებლად მონაწილეობას იღებს ასევე ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარება“. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციებს გამართავენ საერთაშორისო ღვინის მაგისტრები ლიზა გრანიკი და რობერტ ჯოზეფი, ასევე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი, მოეწყობა სპეციალური საღამო, სადაც სხვა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, საქართველოც იქნება ღვინით მასპინძელი. როგორც სააგენტოში განმარტავენ, გამოფენაში Vinexpo Bordeaux 2015 ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობა, გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ქართული ღვინო ისეთივე მაღალი კლასისაა, როგორც წამყვანი ევროპული ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ღვინოები. ეს ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის საფუძველია.
| Print |
FaceBook Twitter Google