ეკონომიკა
ბაკურციხის ხევის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია [Video]
ბაკურციხის ხიდის მშენებლობა, გასული წლის სექტემბერში დაიწყო და დეკემბრისთვის დასრულდა. თხუთმეტმეტრიანი ხიდი კაპიტალურად აღდგა, პარალელურად მოეწყო კიუეტები, დაიგო ასფალტი. ფაქტობრივად, ამ სამუშაოების შემდეგ, საბოოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო პრობლემა, რომელიც ბაკურციხელებს ჭარბი ნალექის დროს, მუდმივად ექმნებოდათ. ხევის გადავსება გაზაფხულზე ხშირი შემთხვევა იყო, იტბორებოდა სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანია ასრულებდა, მათ შორის, ხიდი შპს „მითმა“ აღადგინა, კიუეტების მოწყობას, „გზები და კეთილმოწყობა“ ახორციელებდა, ასფალტის საფარი შპს „სერპანტინმა“ დააგო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. დამკვეთმა ობიექტი გარანტიის პირობებით ჩაიბარა. რამდენიმე თვეში, ხიდის ბჯენმა დაიწია, შესაბამისად, გზაზე წარმოქმნილი ორმო სატრანსპორტო საშუალებისთვის მნიშვნელოვანი პობლემა გახდა. როგორც შპს „მითის“ დირექტორმა თამაზ მიქაუტაძემ განაცხადა, ორმო ასფალტით ამოავსეს, თუმცა ამით საკითხი არ გადაიჭრება: -„ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ სხისი გაფუჭებული საქმეების მუდმივად გამოსწორებას არ ვაპირებ. კომპანიამ ცხაურების გაკეთება არ დაასრულა, წყალი ისევ გზაზე გუბდება და რა თქმა უნდა, ხიდსაც აზიანებს. მთელი დღე დეპარტამენტში გავატარე და ყველა გავაფრთხილე, რომ მიხედონ ამ პრობლემას. აუცილებლად მივწერ გურჯაანის გამგებელსაც, რომ ეს ჩვენი კომპანიის საქმე არ არის.“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა პაიჭაძე განმარტავს, რომ უწყება სასწრაფოდ შეისწავლის ამ საკითხს და რეაგირებასაც მოახდენს: -„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მედიასთან, მადლობას გიხდით, რომ დროულად ჩაგვაყენეთ საქმის კურსში. უახლოეს პერიოდში მოხდება ამ ხარვეზის გამოსწორება“. მანამდე კი ცხაურები, რომელიც ხევს არ უერთდება და შუა გზაზეა მიტოვებული, წყლისგან მოტანილი ქვა-ღორღით ივსება და დატბორვის საშიშროებასაც ქმნის. https://www.youtube.com/watch?v=h7zRNk26ahE&feature=youtu.be
| Print |
FaceBook Twitter Google