ეკონომიკა
ახმეტაში პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ კლუბში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის მეწარმეებსა და დაინტერესებულ მოსახლეობას შორის საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. საზოგადოებას ადგილზე გააცნეს პროგრამის მიზნობრიობა და დეტალები. "აწარმოე საქართველოში" მთავრობის ინიციატივით ხორციელდება, რომლის მიზანია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი არის 20 მილიონი ლარი და ის გაგრძელდება 26 თვის განმავლობაში. ფინანსური მხარდაჭერის კუთხით პროგრამა ითვალისწინებს თანამონაწილეობრივი დაფინანსების გაცემას დამწყებ და არსებულ მეწარმე სუბიექტზე ან, მაქსიმუმ 3 ბენეფიციარისგან შემდგარი, მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 5,000 ლარით ერთ მეწარმეზე, რაც მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში 15,000 ლარს შეადგენს. ბენეფიციარების მხრიდან თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20%-სა. პროექტის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ აიღონ ის ფინანსური რესურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს განავითარონ მათი საქმიანობა. ამასთან, წარმოებისა და მომსახურების მიმართულებები არაა შეზღუდული და მეწარმე თავისუფალია, მის მიერ არჩეულ დარგში წამოიწყოს საკუთარი საქმე. პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა და განაცხადის შეტანა შესაძლებელია ვებგვერდებზე: www.qartuli.ge; www.enterprise.gov.ge
| Print |
FaceBook Twitter Google