ეკონომიკა
დურუჯის ხეობიდან ინერტული მასალის ლიცენზიის გარეშე მოპოვებაა შესაძლებელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე დურუჯის კალაპოტში ადგილი აქვს ინერტული მასალის ჭარბ აკუმულაციას და საჭიროებს გაწმენდით სამუშაოებს. "დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ აღნიშნული ინერტული მასალის (ქვიშა-ხრეში, ღორღი, კაჭარ-კენჭნარი) მოპოვების შესაძლებლობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გარეშე გამარტივებული პროცედურებითა და შეღავათიანი პირობებით", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. ინფორმაციისთვის, მსგავსი შესაძლებლობა კომპანიებს გასულ წელსაც ჰქონდათ: საქართველოს მთავრობის №1907 განკარგულების თანახმად, 2014 წლის 23 ოქტომბერს შპს ,,მოზაიკა“, შპს ,,კვარფორტე“, შპს ,,ჯოტო-50“-ი, შპს ,,დურუჯი+“-ი, შპს ,,ჩესი“, ინდივიდუალური მეწარმე ,,გიორგი მზექალაშვილი“ და ინდივიდუალური მეწარმე ,,ძაბული ქორთიევი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდნენ 6 თვის ვადით. აღნიშნული გამომდინარეობდა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდინარე დურუჯის ხეობის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მდინარის კალაპოტიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით: შპს ,,მოზაიკა“-ს მიცა უფლება, მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 15 000 (თხუთმეტი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში); შპს "დურუჯი+" უფლება მისცეს მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 50 000 მეტრ კუბი ინერტული მასალა (ქვისა-ხრეში); შპს ,,კვარფორტე“ უფლება მიეცა, მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 30 000 (ოცდაათი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში); შპს ,,ჯოტო-50“ მიეცა უფლება, მდინარე დურუჯის ხეობაში მოიპოვოს 25 000 (ოცდახუთი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში). სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირები ვალდებულნი იყვნენ: ა) უზრუნველეყოთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება; ბ) უზრუნველეყოთ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით; გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში უნდა წარედგინათ ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ. ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ მდინარის სათავეში მეწყერი ჩამოწვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მდინარის კალაპოტი დროულად არ გაიწმინდა, ყვარლის მოსახლეობას საფრთხე ემუქრება. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი თქმით, მდინარეს ყოველწლიურად 500 ათასი კუბური მეტრი ნატანი ჩამოაქვს, რის გამოც კალაპოტი სულ უფრო მაღლა იწევს. ამავდროულად ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
| Print |
FaceBook Twitter Google