ეკონომიკა
სექტემბიდან ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და გაყიდვის პირობები იცვლება
საქართველოს მთავრობის N376 დადგენილებით, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომლის თანახმადაც, ბიზნესოპერატორის მიერ ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები იცვლება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ბაზარზე განთავსებული ხორბლის ფქვილის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს „ხორბლის ფქვილი“; ნებისმიერი ინგრედიენტი, რომელიც ემატება ხორბლის ფქვილს, უნდა იყოს უვნებელი; მას არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო, არ შეიცავდეს ცოცხალ ან მკვდარ მწერებს. ინფორმაციისთვის, დაფქვის სიმსხოს მიხედვით ხორბლის ფქვილი იყოფა ექსტრა, უმაღლესი ხარისხის, გამტკიცული, პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხის და ცეხვილ ხორბლის ფქვილად. სააგენტოს ცნობითვე, ბიზნესოპერატორი აგრეთვე ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. მაგალითად, იმპორტის დროს პროდუქტი უნდა იყოს განთავსებული მცენარეთა მავნებლებზე დამუშავებულ ხის პალეტებზე. "ახალი რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ რბილი ხორბლისა და ქონდარა ხორბლისაგან მიღებულ ფქვილზე ან მათ ნარევზე, რომელიც შეფუთული, დაფასოებული და განთავსებულია ბაზარზე მოხმარებისათვის. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება უშუალოდ ხორბალზე, მანანას ბურღულზე, სახამებელზე ან იმ ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება ლუდის წარმოებაში, როგორც დამხმარე საშუალება, ან ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება სახამებლის ან წებოგვარას (გლუტენი) წარმოებისათვის, არასასურსათო დანიშნულების ხორბლის ფქვილზე", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ქვეყნის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო იმპორტზე ზედამხედველობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკისრება.
| Print |
FaceBook Twitter Google