ეკონომიკა
სუბსიდია ყურძენზე წელსაც გაიცემა
რთველი 2015-ის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით საკოორდინაციო შტაბი შეიქმნება, რომელიც თელავში განთავსდება. შტაბის ფუნქციონირება სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მეწარმეებთან და მევენახეებთან კოორდინაციას და აქტიურ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილისა და ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელების შეხვდრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრაზე 2015 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს და დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს. "პროცესში დაცული იქნება როგორც მეწარმეების ასევე მევენახეების ინტერესები. ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რამაც საქართველოდან ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, მთავრობამ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო". შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის სესხები კვლავ გაიცემა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასს არეგულირებს ბაზარი, სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას და არ ერევა ფასების რეგულაციებში. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მიუხედავად რუსეთისა და უკრაინას ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებისა, სწორი მარკეტინგული პოლიტიკის შედეგად, მთელ რიგ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება. გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
| Print |
FaceBook Twitter Google