ეკონომიკა
"კახური ტრადიციული მეღვინეობა"-მ ახალი საწარმო გახსნა
ქედაში კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი "აგრო ქედის" საწარმო გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქარხანა, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდა, მთლიანად აჭარის რეგიონს მოემსახურება და უკვე მზადაა, მიიღოს საშუალო და მაღალი ხარისხის ხილი. საწარმოს გახსნის ცერემონიალში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა. "ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა - ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა თანმიმდევრულად ხორციელდება; ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქცია და ვაწარმოოთ - ქართული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ახლად გახსნილი საწარმო დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ აჭარელ გლეხებს მოსავლის რეალიზაცია აღარ გაუჭირდებათ. "ამ საწარმოს ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. ჩვენს გლეხებს, ჩვენს ფერმერებს, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ჩააბარონ ამ საწარმოში მათ მიერ მოწეული ყველა სახეობის ხილი. წლების განმავლობაში ეს მოსავალი იყრებოდა, ფუჭდებოდა, მოსახლეობას არ ჰქონდა შესაძლებლობა სადმე ჩაებარებინა ხილი. წელს ზურაბ ჩხაიძის წამოწყებით ამ საწარმოში ჩააბარებენ ხილს. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ასეთი პროექტის ხელშეწყობა. აქტიური მონაწილეობა მიიღო სახელმწიფომ ამ საწარმოს მშენებლობაშიც - შარშან ჩვენ გავეცით 400 ათასი დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსება და ნახევარმილიონიანი შეღავათიანი აგროკრედიტი. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ შედეგს - კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ უკვე მეორე საწარმოს ხსნის ამ რეგიონში,"- განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, სამი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, გასულ წელს ამოქმედდა ახალი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და სახელმწიფომ უკვე 135 ქარხანა დააფინანსა. "გასულ წელს შეიქმნა 30 000 სამუშაო ადგილი, აქედან 90% მოდის სოფლის მეურნეობის სექტორზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, სახელმწიფოს მხარდაჭერით კერო სექტორი ვითარდება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ სწორედ ისეთმა გაბედულმა ბიზნესმენებმა, როგორიც არის ზურაბ ჩხაიძე (რომელმაც გახსნა ეს ქარხანა), რომლებიც არ ელოდებიან რაღაც განსაკუთრებულს, რასაც ქართველი ხალხი ველოდებით 25 წელია, უნდა შეძლონ ბიზნესის განვითარება საქართველოში ჩვენი ხელშეწყობით. თუმცა, მთავრობა ვერ ჩაანაცვლებს კერძო სექტორს, ისევე როგორც კერძო სექტორი ვერ ჩაანაცვლებს მთავრობას. დღევანდელი დღე არის წარმატებული მაგალითი იმის, რომ მთავრობას და კერძო სექტორს შეუძლია წარმატებით თანამშრომლობა,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google