ეკონომიკა
ყურძენზე ფასი განისაზღვრა: რქაწითელი და მწვანე - 70 თეთრი, საფერავი კი 85 თეთრი ეღირება
ქარხნების მიერ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი უკვე დადგენილია. როგორც ღვინის კომპანიების დირექტორების უმრავლესობა speqtri-ge-სთან საუბარში აცხადებს, სუბსიდიის ჩათვლით, რქაწითელი და მწვანე - 70 თეთრი ეღირება, ხოლო საფერავი - 85 თეთრი. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მდებარე ღვინის კომპანია „ენისელიბაგრატიონი“-ს დირექტორის სანდრო ბაგრატიონის განმარტებით, წელს ყურძენზე დაბალი ფასი ღვინოზე შემცირებულმა მოთხოვნამ განაპირობა. „სავარაუდო ღირებულებას კი არა, ზუსტად გეტყვით რა იქნება ყურძნის ჩასაბარებელი ფასი, რადგან სამინისტრომაც გამოაცხადა. თეთრი ყურძენი ეღირება 70 თეთრი, ანუ 35 თეთრს ქარხნები გადაიხდიან და 35 თეთრსაც სახელმწიფო დაამატებს, ხოლო შავ ყურძენში ქარხანა 70 თეთრს გადაიხდის, 15 თეთრი კი სახემწიფოს მხრიდან სუბსიდიის სახით დაემატება, ანუ სულ 85 თეთრი. შარშანდელთან შედარებით ფასი საგრძნობლად ნაკლებია, რაც სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორებმა განაპირობა. სახეზე გვაქვს რუსეთის დაკეტილი ბაზარი, უკრაინაში - ომი და ქვეყნის შიგნით ლარის კურსის ასეთი გაუფასურება. ამ ფაქტორების გამო ღვინოზე მოთხოვნა შემცირდა, ქარხნებში ძველი ნაშთია დარჩენილი და ზოგმა შესაძლოა ყურძენი იაფად კი არა, საერთოდ ვერ ჩაიბაროს. ჩვენ მაგალითად ძველი ნაშთის გამო წელს ფაქტიურად ყურძენს არ ვიღებთ.“ „გურჯაანის ღვინის მარნის“ დირექტორი ელდარ მილდიანი ფასს ვერ აკონკრეტებს, თუმცა იცის, რომ წელს ყურძენს შედარებით დაბალი ღირებულება ექნება. „ფასი როგორიც იქნება, იმის მიხედვით გავთვლი რამდენი ჩავიბარო. მაგალითად, როგორც ამბობენ, თუ სუბსიიდის ჩათვლით თეთრი ყურძენი - 70, ხოლო საფერავი 85 თეთრი ეღირება, 800 ტონის ჩაბარებას შევძლებთ. ჯერ საკუთარ ვენახებს დავკრეფთ და მერე ვნახოთ ფასი რა იქნება. დაზიანებულ ყურძენს არ მივიღებთ, ჩვენიც დაგვესეტყვა და იძულებული ვართ, რამენაირად გამოვიყენოთ.“ როგორც მილდიანი ამბობს, გლეხებმა ღვინის მწარმოებლებს გასულ წელს ყურძენი ძალიან ძვირად მიჰყიდეს და წლევანდელი ფასიც სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა. „შარშანდელი პროდუქცია ვერ გავყიდეთ, რადგან ყურძენი ძვირი ღირდა და ღვინოსაც შესაბამისი ფასი ჰქონდა. შარშანდელი პოლიტიკა ამ მიმართულებით არასწორი იყო, რაც კომპანიების და მეტწილად, მევენახეების ბრალია. ქინძმარაულის ზონიდან საფერავი რომ მოიტანეს, გლეხი მეუბნებოდა, სამ ლარად როგორ მოგცე, ცოდო არ ვარო? კიდევ ძვირს ითხოვდა. სამაგიეროდ, ნახეთ წელს რა ფასები დადგა, კარგია ეს? ურთიერთობაში ცუდი რაღაც მოხდა, არ უნდა ახრჩობდეს გლეხი მეწარმეს და პირიქით, რომ მოგება ერთ წელზე კი არა, ხუთ და ათ წელზე იყოს გათვლილი. სამწუხაროდ, ქართველებმა ეს ვერ ვისწავლეთ“. ს.ს. „კოტეხის ღვინის ქარხნის“ დირექტორი გიორგი ხაზიური აცხადებს, რომ საფერავზე შესაძლოა ფასმა მოიმატოს, თუმცა რქაწითელზე უცვლელი დარჩება. „ფასი ისეთი იქნება, როგორც თავიდან ითქვა, ანუ 70 თეთრი რქაწითელი, 85 თეთრი საფერავი, ზონის ყურძენი-საფერავი (ახაშენი, მუკუზაანი, ქინძმარაული) ალბათ, 1 ლარიდან - 1.20 ლარამდე ეღირება, რა თქმა უნდა, სუბსიიდის გათვალისწინებით. შესაძლოა, საფერავის ფასი გაიზარდოს, მაგრამ რქაწითელს ეს არ შეეხება, რადგან შარშან თითქმის არ გაყიდულა. წელს ჩვენს ქარხანაში 400-500 ტონა რქაწითელს და 400 ტონამდე საფერავს ჩავიბარებთ“. როგორც ხაზიური აცხადებს, წელს ყურძენზე ფასის კლება გარდაუვალი იყო. „მეწარმეებმა შარშან ძალიან დიდი ზარალი ნახეს. გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით ღვინოზე მოთხოვნა შემცირდა, შესაბამისად, ფასმაც დაიკლო, განსაკუთრებით რქაწითელზე. ყურძენში რაც გადაიხადეს, ღვინო იმაზე იაფად გაყიდეს, ან საერთოდ ვერ გაყიდეს. წელსაც ძვირი რომ ყოფილიყო, ფაქტიურად ღვინის წარმოება განადგურდებოდა. ფასი განაპირობა სუბსიდირებამ, რადგან ჩვენი გადასახდელი წილი მაგის მიხედვით დავარეგულირეთ“. რაც შეეხება დაზიანებულ ყურძეს, ხაზიური ამბობს, რომ ჩაიბარებენ, თუმცა განსხვავებულ, უფრო დაბალ ფასად. „გააჩნია დაზიანების ხარისხი როგორი იქნება. შესაძლოა, რქაწითელში 20 - 25 თეთრი გადავიხადოთ, საფერავში კი (თუ 70 თეთრი ეღირება) 40-დან ზევით. ჩვენ ვაპირებთ ბრენდის სპირტი დავამზადოთ და ამ დაზიანებულ ყურძენს ალბათ ამისთვის გამოვიყენებთ.“ შპს „შატო გურჯაანის“ დირექტორი შოთა უტიაშვილი კი ამბობს, რომ ფასს სხვა ქარხნის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დაადგენს. „რა რაოდენობის ყურძენს მივიღებთ ჯერ ჩამოყალიბებულები არ ვართ. არც ფასი ვიცით რა იქნება, ალბათ, მოგვიწევს სხვა ქარხნების წარმომადგენლებთან შეხვედრა და იქ უკვე საერთო აზრზე ჩამოვყალიბდებით, რომ ვიღაცამ ზედმეტი, ვიღაცამ ნაკლები არ გადაიხადოს და პროცესი ქაოტურად არ განვითარდეს. 200 ტონა ჭურჭელი მაქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შარშანდელი ნაშთიც დამრჩა, 100-120 ტონა ყურძენს ჩავიბარებ“. აღსანიშნავია, რომ კომპანიების ნაწილი ყურძნის ჩაბარებაზე შარშანდელი ნაშთის გამო უარს ამბობს, თუმცა სხვა მიზეზებიც იკვეთება. მაგალითად, წელს გაჩერებული იქნება შპს „ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი“. როგორც მისმა დირექტორმა ზაზა ბეჟაშვილმა განგვიცხადა, რემონტის გამო ყურძენს არ ჩაიბარებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google