ეკონომიკა
კახეთში ყურძენს ოთხმოცამდე კომპანია ჩაიბარებს
რთველის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაში დაფიქსირებულია 13 კომპანია, რომელიც 2015 წლის სეზონზე ყურძნის მიღება-გადამუშავებას გეგმავს. საერთო ჯამში, სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, კომპანიების რიცხვი 80-ს მიაღწევს. ღვინის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2 სექტემბრის მონაცემებით, კომპანიების მიერ მიღებული ყურძნის რაოდენობა 900 ტ.-ს აღწევს, აქედან - 93 ტ. საფერავი, 62 ტ. კი კახური მწვანეა. რქაწითელი, ამ ეტაპზე, შტაბის ბაზაში არ აღნუსხულა. გასულ წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა სულ 124 608 ტ. ყურძენი ჩაიბარეს. ღვინის ეროვნული სააგენტო 2015 წლის სეზონზეც, დაახლოებით, ამავე რაოდენობით (120 000-130 000 ტ.) ყურძნის მიღება-გადამუშავებას ვარაუდობს. 2014 წლის საკმაოდ რთულ სეზონზე 1 კგ. რქაწითელისა და კახური მწვანეს ღირებულება 1 ლარს შეადგენდა, საფერავის - 2-3 ლარს. 2015 წელს კი, უხვმოსავლიანობის მიუხედავად, საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების კლების გამო, ყურძენზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. დანელიას განცხადებით, სწორედ, ეს გახდა სახელმწიფოს მიერ რთვლის სუბსიდირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფო ყურძნის ფასების განსაზღვრის პროცესში არ ჩაერევა და ამ საკითხს თავად ბაზარი დაარეგულირებს. დანელიამ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფომ კომპანიების მიერ ჩაუბარებელი ყურძენი შეისყიდოს, თუკი ნედლეული ბოლომდე აუთვისებელი დარჩება. 25 აგვისტოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თელავში ოფიციალურად გახსნა რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი. შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც შეიქმნა.
| Print |
FaceBook Twitter Google