ეკონომიკა
სახელმწიფო დასეტყვილ-არაკონდიცირებულ ყურძენს აღარ შეისყიდის
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს სახელმწიფო დასეტყვილ ყურძენს, რომელიც დროზე ადრე დაიკრიფა, არ შეისყიდის. კახეთში ათასობით ჰექტარი ვენახი დაისეტყვა და მფლობელებმა დაუმწიფებელი დაზიანებული ყურძენი დაკრიფეს. გიორგი სამანიშვილი ადასტურებს, რომ ასეთი რამდენიმე შემთხვევა შტაბში უკვე აღირიცხა: „დასეტყვილი ყურძენი სულ რომ არ გაფუჭებულიყო, მფლობელებმა წაიღეს და საკუთარ ჭურჭელში დაწურეს, რადგან არც ერთი ქარხანა ასეთ ყურძენს არ იღებს. ანუ, ეს იყო ზარალი, რომელიც სტიქიის შედეგად მიადგათ და ის რაც დარჩა, არ გადაყარეს. ზოგიერთი ვენახი სრულად განადგურდა. იმ მევენახეებს, რომლებსაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ, ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებთ, ან უკვე აუნაზღაურათ. რაც შეეხება მევენახეს, რომელსაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა და ყურძენი დაუზიანდა, თავად უნდა იშოვოს მყიდველი, ან სახლში დაწუროს. თუ გამოჩნდა ბაზარზე ისეთი კლიენტი, ვისაც მსგავსი სახის პროდუქტი დააინტერესებს, რა თქმა უნდა, შედარებით დაბალ ფასად ჩაიბარებს, ვინაიდან ეს არაკონდიცირებული-დაუმწიფებელი ყურძენია. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს და ამ ინფორმაციას ვაწვდით კომპანიებს“. გასულ კვირას თელავში შტაბის გახსნაზე, speqtri.ge-ს მიერ დასმულ შეკითხვას - ვინ ჩაიბარებს დაზიანებულ ყურძენს? _ სოფლის მეურნეობის მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ ავამუშავებთ „აკურასა“ და „გრუზვინპრომს“, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი კიდევ მიმდინარეობს, რთვლის პროცესში შტაბი შესაბამის ინფორმაციას გაავრცელებს“. როგორც სამანიშვილი განმარტავს, მინისტრის ეს კომენტარი ეხება ისეთ დასეტყვილ ყურძენს, რომელიც ნაწილობრივ გადარჩა. „სახელმწიფო ქარხნების ჩართვა ამ მიმართულებით, ალბათ, არ მოხდება. იმიტომ, რომ სეტყვა ისეთ დროს მოვიდა, როდესაც ყურძენი სრულიად დაუმწიფებელი იყო. ამ კონდიციის ყურძნით არანაირი პროდუქტი არ მზადდება. ჩვენ შევეცდებით, რომ ღვინის კომპანიებს შევთავაზოთ სეტყვის შედეგად დაზიანებული ისეთი ყურძენი, რომელიც გადარჩა და დამწიფდება.“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ღვინის ბიზნესში არ არის ჩართული და ეს შესყიდვა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ყურძენი არ გაფუჭდეს და წლის მოსავალი არ დაიკარგოს.
| Print |
FaceBook Twitter Google