ეკონომიკა
რა ჯდება ერთი კილოგრამი ყურძნის მოყვანა? [R]
პროფესიით აგრონომი 74 წლის ფარნაოზ ნატროშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრია, სოფლის მეურნეობის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, უკვე რამდენიმე წელია რაც მეუღლე გარდაეცვალა, შვილები თბილისში არიან და მარტოს უწევს ცხოვრება. ასევე დამოუკიდებლად უვლის ერთ ჰექტარ ვენახს. „ჰექტარსა და ათ მეასედზე მაქვს გაშენებული რქაწითელი, ამ ადგილებს ადგილობრივები „ბასკოლიანსა“ და „საანაგლოს“ ეძახიან. როდესაც თვითღირებულებას ვანგარიშობთ, გასათვალისწინებელია ვენახის ასაკიც, ნაწილი ვაზი 24 წლისაა და ნაწილი-თვრამეტის. ჩემი ვენახი უხმოსავლიანი ნაყოფის მომცემი და საუკეთესოდ მოვლილია. ამას ემატება აგროვადების დაცვა, თუ თავის დროზე არ ჩაუტარდა ოპერაცია, რა თქმა უნდა, სასურველ მოსავალს არ მოგვცემს. ყოველწლიურად შვიდჯერ ვწამლი. საშუალოდ ჰექტარზე ათ ტონას ვანგარიშობ, თუმცა 8 ტონაც მიმიღია და თხუთმეტიც. მოსავალი ამინდზეა დამოკიდებული, თუ ვაზი ტენით უზრუნველყოფილია, მარცვალი მსხვილდება, სრულდება და წვენსაც სრულყოფილად იღებს. შესაბამისად, წონაშიც მეტია. თუ გვალვაა, მარცვალი წვრილი, განუვითარებელი რჩება და წონაშიც ნაკლებია. წინასწარ არ დავიტრაბახებ და წელს მაღალ მოსავალს ველოდები.“ ფარნაოზ ნატროშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც გაწეულ ხარჯს დეტალურად ითვლის და შესაბამისად კარგად იცის, რა უჯდება ერთი კილოგრამი ყურძნის მოყვანა: „გასხვლას სჭირდება 280 ლარი, დაკავებას- 200. ორჯერ ვფურჩნით და 360 ლარი მიჯდება, თითო წამლობას 240 ლარი უნდა და შვიდჯერ ვწამლი, სულ - 1680 ლარი გამოდის, მოხვნა- 3 ჯერ 360 ლარი და თავების გადაჭრა 100 ლარი. ეს არის პირდაპირი დანახარჯი რომ ყურძენი მოიყვანო. ვიანგარიშე არაპირდაპირი ხარჯებიც, ათი ტონის დაკრეფას 15 მკრეფავი სჭირდება, თითოეულს 20 ლარს ვუხდი და სულ 300 ლარი მეხარჯება, 200 ლარიც ქარხანაში მიტანა მიჯდება, ეს ყველაფერი რომ ვიანგარიშე, 1 ჰექტარზე დანახარჯი მაქვს დაახლოებით 3 500 ლარი და შესაბამისად, 10 ტონის შემთხვევაში, 1 კილოგრამის თვითღირებულება 35 თეთრამდე გამოდის.“ - თვითღირებულების გაანგარიშებისას, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძვირადღირებული პრეპარატით იწამლება ვენახი? -წამლობის ღალატი არ შეიძლება, აქ რომ თანხაში ეკონომია გააკეთო, მოსავალი დაგეღუპება. სპეციალობით აგრონომი ვარ, არ დავუშვებ, რომ იაფად ვიყიდო წამალი და ვენახი გავაფუჭო. რა თქმა უნდა, ვცდილობ ისეთი პრეპარატი გამოვიყენო, რომელიც ძალიან ძვირი არ ღირს, მაგრამ თუ ვხედავ, რომ ვაზს უჭირს, ძვირადღირებულ წამალსაც ვხმარობ. -აგროდაზღვევით თუ სარგებლობთ? - წელს დავაზღვიე, ეს ძალიან კარგი პროგრამაა, ნაწილი სახელმწიფომ დააფინანსა, მე პირადად 60 ლარი გადავიხადე. იმდენი სტიქიაა, დაზღვევა აუცილებელია. ვენახი უნდა იყოს დაზღვეული. სიღნაღის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაციულ ერთეულში რევაზ კრაწაშვილი აღნიშნავს, რომ გლეხების იმ ნაწილს, რომელიც „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით“ სარგებლობს, ყურძნის მოყვანა შედარებით იაფი უჯდება. „სოფელ ნუკრიანში 1200 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა, მუდმივად მცხოვრები კომლი- 800, აქედან 500 კომლი იღებს სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რის მეშვეობითაც შეუძლია შხამ-ქიმიკატების შეძენა, შესაბამისად ვენახის შეწამვლის თანხას აღარ ხარჯავენ, მათთვის ყურძნის მოყვანა 25 თეთრამდე ჯდება,“- აღნიშნავს რევაზ კრაწაშვილი. ასოცირებული პროფესორის, მეცნიერებათა დოქტორის ზვიად ბობოქაშვილის განმარტებით, თვითღირებულება პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოსავალის მიღებაა მოსალოდნელი ნაკვეთიდან: „სამწუხაროდ, 10 ტონა მოდის თუ ხუთი ტონა, ხარჯები დაახლოებით ერთი და იგივეა. ამიტომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვსაუბრობთ დანახარჯებზე, როდესაც ჰექტარზე შესაძლებელია მივიღოთ 10 ტონა ყურძენი. ხარჯი შეადგენს 2700- დან 3200 ლარამდე, უხეშად რომ დავითვალოთ, საშუალოდ, 1 კილოგრამი ყურძნის მოყვანა ჯდება 29 თეთრი. მაგრამ თუ ჰექტარზე მივიღებთ მხოლოდ 5 ტონა ყურძენს, დანახარჯები გაიზრდება და 1 კილოგრამის ღირებულება გახდება ერთი ლარი.“ ექსპერტის თქმით, ხარჯებს ზრდის აგროვადების დარღვევა: „საქმე ისაა, რომ სოფლის მეურნეობაში დანახარჯები პირდაპირ დამოკიდებულია, აგროვადაზე. მაგალითად, შესაძლებელია, ჭრაქისა და ნაცრის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი 8 წამლობა გაკეთდეს, მაგრამ აქედან ერთ-ერთი რომ დაგვიანდეს, რეალურად, შედეგი იქნება დაბალი, ჭრაქი მოქმედებს ფოთოლზე და აისახება მოსავალზე. რეალურად თუ დაგვიანებულია რომელიმე აგროვადა, შესაბამისი ღონისძიებების შესრულების მიუხედავად, მოსავალი იქნება გაცილებით ნაკლები. ეს არის ის მაგალითი, რომელზეც შესაძლოა ორიენტაცია გავაკეთოთ, ასევე შეიძლება იყოს სარეველების წინააღმდეგ ბრძოლაზე და ა. შ. გასათვალისწინებელია ვენახის სრული მსხმოიარობის პერიოდი. განსხვავებით სხვა კულტურებისაგან, ვაზის პლასტიკურობის პერიოდი უფრო მაღალია, რეალურად 30-40 წლის განმავლობაში თავისუფლად შესაძლებელია სტანდარტული-კარგი მოსავლის მიღება, შემდეგ ვაზი ბერდება და მოსავლიანობაც იკლებს. აღსანიშნავია, ისიც რომ ეს დანახარჯები, იანგარიშება მაშინ, თუკი ფერმერი ქირაობს მუშახელს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, მცირე მიწის მფლობელები თავად უვლიან ვენახს, როცა გლეხი ყურძნის მოყვანას თავად უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, დანახარჯები მცირდება. პირდაპირი ხარჯები მოიცავს პესტიციდებს, სასუქებს და ა. შ.“ ზვიად ბობოქაშვილის თქმით, სტანდარტულად სოფლის მეურნების წარმოებაში ორმოცდაათ პროცენტიანი მოგების მარჟა სავსებით მისაღები უნდა იყოს, რაც გლეხს საშუალებას მისცემს მომავალი წლისთვისაც შეძლოს მოსავლის მოყვანა. შეგახსენებთ, რომ ქარხნების მიერ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი უკვე დადგენილია. როგორც ღვინის კომპანიების დირექტორების უმრავლესობა აცხადებს, სუბსიდიის ჩათვლით, რქაწითელი და მწვანე – 70 თეთრი ეღირება, ხოლო საფერავი – 85 თეთრი.
| Print |
FaceBook Twitter Google