ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეცხვარეების პრობლემებს ვერ აგვრებს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მეცხვარეების განცხადებით, ძირითად პრობლემას უცხოეთიდან შემოყვანილი ცხვრის რეექსპორტი და ადგილობრივი ცხვრის რეალიზაციის პრობლემა წარმოადგენს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეცხვარეობის დარგი ათწლეულების მანძილზე უყურადღებოდ იყო მიტოვებული და შესაბამისად, პრობლემაც უამრავი დაგროვდა. მინისტრის მოადგილის ლევან დავითაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის აქტიურად მუშაობს. ,,მთავრობამ უკვე მიიღო ცხვრის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესი, დაწყებულია ზოგადად წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მარკირების წესის შემუშავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ცხვრის მიკვლევადობისთვის. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ცხვრის გადასარეკი ტრასების რეგისტრაცია ხორციელდება. აღნიშნულ ტრასებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობაც. კერძოდ, დაიწყო მედპუნქტების და უსაფრთხოების პუნქტების მშენებლობა. ეს ყველაფერი დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მეცხვარეების პრობლემები მოისმინა: "ამ საკითხების მოგვარება, სამწუხაროდ, სცილდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს. არის პრობლემები, რომლებიც კომპლექსურად, რამდენიმე უწყების ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს. მეცხვარეებსაც ესმით, რომ მათ მიერ წამოჭრილი თემების მოგვარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ შეძლებს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ მედიატორის როლი მეცხვარეებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ესწრებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google