ეკონომიკა
სახელმწიფომ წელს 950 000 ლარი იზარალა - ბექა გონაშვილი
მეცხვარეთა ასიციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი, სამინისტროში შეხვედრის დეტალებზე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. "ჩვენი სამინისტროში შეხვედრის შემდეგ ცოტა აზრზე მოვდივარ და მინდა ერთ საკითხს ყველა ერთად დავუკვირდეთ: როგორც "სურსათის უვნებლობის სამსახურმა" აღნიშნა - წლევანდელ წელს სომხეთიდან შემოყვანილია სანაშენე კოდით 26 000 ცხვარზე მეტი! ეს არის მათი განცხადება, ჩემი მოგონილი არაა! მგონი კამერაც იწერდა ამ ყველაფერს. სანაშენედ შემოყვანა ”ხალასი, ანუ წმინდა” სისხლის პირუტყვისა ნიშნავს 18% დღგ-სგან გათავისუფლებულ იმპორტს! როცა ვკითხეთ, სად არის ეს ცხვარი, პასუხი მივიღეთ, რომ მაქედან ნაწილი რეექსპორტის რეჟიმით უკვე გავიდა არაბულ ქვეყნებში, ანუ სანაშენედ არ შემოსულა. პირადი სარგებლობისთვის შემოყვანილი საქონელი უნდა დაიბეგროს. მოდით, დავთვალოთ ის ზარალი, რაც მიადგა სახელმწიფოს და არა ჩვენს მეცხვარეებს: სტატისტიკის სამსახურის მიერ დაფიქსირებული იმპორტირებული ცხვარის ღირებულება - 2 300 000 აშშ დოლარი, (იხილეთ Geostat.ge) ქართულ ლარში არის მინიმუმ 5 300 000 ლარი, ხოლო მისი დღგ - 950 000 ლარია. ანუ საქართველოს ბიუჯეტმა იზარალა 950 000 ლარი! აღნიშნული ფაქტი უკვე წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და თუ ეს ხდება ”კანონიერი” გზებით მაშინ 2 წლის მანძილზე ჩვენს მიერ ამ სქემის გაპროტესტების მიუხედავად საქმეზე მოკვლევის არ დაწყებისა, და არაფრის შეცვლის გამო, პირადად ჩემი აზრით, უბრალოდ ჯგუფურ დანაშაულთან, დანაშაულში თანამონაწილეობასთან გვაქვს საქმე". ბექა გონაშვილი ამბობს, რომ შესაბამისი სამსახურები დიდი ხნის წინ უნდა დაინტერესებულიყვნენ ამ საკითხით და მეცხვარეები აქამდე არ უნდა მიეყვანათ. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე შესაბამის სტრუქტურებს მიმართავს გამოიძიონ ეს საქმე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. როგორც აღნიშნული სტრუქტურის პრესსამსახურში განგვიცხადეს, მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა, ხოლო მეცხვარეებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის სასაუბრო თემაზე კომენტარი არ გააკეთეს.
| Print |
FaceBook Twitter Google