ეკონომიკა
70 თეთრი რქაწითელზე - რეგიონში ყველაზე მაღალი ფასი და რიგები გურჯაანშია [Video/Photo]
რთველი 2015 აქტიურ ფაზაშია, თუმცა მევენახეების ნაწილს ყურძნის ჩასაბარებლად რამდენიმე დღის განმავლობაში რიგში დგომა უწევს. დატვირთული მანქანები, რომლებიც კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან „მაღალი“ ფასის გამო ჩამოვიდა, ძირითადად გურჯაანში, კოტეხის ღვინის ქარხანასთან დგას. მევენახეების თქმით, მოსავალი ფუჭდება და შესაბამისად ფასიც იკლებს. “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა” ყურძენს სს "კოტეხის" ღვინის ქარხანაზე იბარებს. მევენახეების თქმით, ეს ის კომპანიაა, რომელიც მოსავალში ყველაზე კარგ ფასს იხდის. „ჩვენ პატრონი არ გვყავს, აბა შეიძლება ამხელა რიგი? დილიდან აქ ვდგავარ, ყურძენს წვენი გასდის. ფასის გამო სიღნაღის რაიონიდან ჩამოვედით, მაგრამ თუ გაფუჭდა, ვინღა გადაგვიხდის მაგ ფასს? ჩვენთან კი არის ქარხნები, მაგრამ მხოლოდ ერთი მუშაობს, თუმცა იქ დაბალ ფასს იძლევიან. მიხვალ და დაგიწუნებენ ყურძენს, 45 კაპიკს გთავაზობენ. ეხლა აქ ვითომ 70 თეთრი უნდა გადაიხადონ, მაგრამ რა ვიცი, მოგვცემენ?“ - გვეუბნება ბოდბელი მევენახე თემურ ლაციფაშვილი. კომპანია „კახეთის ტრადიცული მეღვინეობის“ ტექნოლოგიური სამსახურის მენეჯერი დავით გოგიჩაძე "სპექტრთან" საუბარში განმარტავს, რომ მთელი დღე-ღამის მანძილზე მხოლოდ სამ საათს ისვენებენ. „დღეს ეს რიგი სანამ არ დამთავრდება, ხვალ რა დროც არ უნდა იყოს, მოვრჩებით. ხვალ საღამოს იგივე სიტუაცია დაგვხვდება, მუშაობას დავიწყებთ და ზეგ დავამთავრებთ. ასეთი გრაფიკით ვმუშაობთ, ამას დრო არ აქვს.“ მისივე თქმით, გასაგებია, რომ მევენახეებს მაღალი ფასის იმედი აქვთ, თუმცა ყურძენში თანხას ხარისხის მიხედვით გადაიხდიან. ასევე აღნიშნავს, რომ კონდიცია თუ ოც გრადუსზე დაბალი იქნება, არ ჩაიბარებენ. „კონდიციაზე გამოვაკარით ინფორმაცია, რომ ყურძნის მინიმალური შაქრის პროცენტობა უნდა იყოს 20. მევენახეებს ვაფრთხილებდი, რომ ვისაც დაბალშაქრიანი ყურძენი აქვს, რიგში ტყუილად ნუ ჩადგება. შეუძლიათ წაიღონ სახელმწიფო კომპანიაში, რომელიც 60 თეთრად ჩაიბარებს“. "კახეთის ტრადიციულ მეღვინეობას" კონტრაქტი 10 ათას ტონა მოსავლის მიღებაზე აქვს გაფორმებული. ამ დროისთვის გადამუშავებულია დაახლოებით 1200 ტონა ყურძენი. კომპანია მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენს იბარებს. https://youtu.be/iutjmi2ThCM
| Print |
FaceBook Twitter Google