ეკონომიკა
მეფუტკრე კოოპერატივები სკებს 70%–იანი თანადაფინანსებით მიიღებენ
კოოპერატივები „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში" რეგისტრაციას თბილისში ჩაუსვლელად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე acda.gov.ge დისტანციურად შეძლებენ. სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს გადაეცემათ მათ ბალანსზე არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, ღირებულების 30%-ად. რეგისტრაციისას პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კოოპერატივმა უნდა მიუთითოს მისთვის სასურველი სკის სახეობა (ხის სკა (რუტი , დადან ბლანტი) ან/და პენოპოლისტიროლი. "სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ შემდეგ მოთხოვნებს: სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომელზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალ - ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, მეპაიეთა რაოდენობა არ არის 5-ზე ნაკლები და საკუთრებაში აქვთ არანაკლებ 30 სკა ფუტკრის ოჯახით; ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მეპაიეთა რაოდენობა არ არის 11-ზე ნაკლები და ბალანსზე აქვთ აყვანილი არანაკლებ 60 სკა ფუტკრის ოჯახით", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სააგენტოს ცნობითვე, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტის (GLOBAL GAP) დანერგვა კოოპერატივის მფლობელობაში არსებულ საფუტკრე მეურნეობაში; ხოლო 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში მიღებულ სკებში ფუტკრის ახალი ოჯახების განთავსება. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით. ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში შესამოწმებლად წარადგინოს მის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ. სახელმწიფო პროგრამის მიზანია: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google