ეკონომიკა
კახეთში ტურიზმის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
კახეთის რეგიონში მეღვინეობისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სამთავრობო უწყებების გარდა, კახეთში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებიც შევლენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო. მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის არსებულ ვითარებას და მოამზადებს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება უფრო მეტად შეეწყოს ხელი ტურიზმისა და მეღვინეობის განვითარებას კახეთის რეგიონში.

შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის პრეზენტაცია კახეთში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, კახეთში მეღვინეობა და ტურიზმის ბიზნესის განვითარება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. "პრინციპულად მნიშვნელოვანია, კახეთში მეტი ვიზიტორი გვყავდეს, რათა მათ ჩვენ ადგილზე შევთავაზოთ ღვინო და ღვინის ტურიზმი განვავითაროთ" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის, თუ რა დაბრკოლება არსებობს კახეთში ღვინის ტურიზმის უფრო მეტად განვითარების მიზნით, რომელთა გამოსწორების შემდეგაც კახეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.

წყარო: businesscontact.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ტურიზმი /