ეკონომიკა
გურჯაანის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა პროექტს მხარი არ დაუჭირა, მათ შორის იყვნენ ფრაქცია „ქრისტიაინ-კონსერვატორებისა“ და „დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეები.

-"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქრისტიან-კონსერვატორებმა“ გაერთიანებული სხდომა ჩავატარეთ. გვქონდა ბევრი შენიშვნა. გამოვყოფდი სოციალურ პაკეტსა და ააიპ-ების დაფინანსებას. მიგვაჩნია, რომ ეს ბიუჯეტი პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ააიპ-ებში დასაქმებულები არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქტივისტები. ძირითადი თანხა მათ ხელფასებს ხმარდება. ვითხოვდით ასევე ერთჯერადი დახმარებების მინუმუმზე დაყვანას და გამოთავისუფლებული თანხის გადანაწილებას ოპერაციებისა და მედიკამენტების თანადაფინასნებაში. მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს მუნიციპალური სერვისის რეორგანიზაცია. ჩვენი შენიშვნები არ გაითვალისწინეს და შესაბამისად, პროექტს მხარი არ დავუჭირეთ. “ - აღნიშნა „ქრისტიან-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ვალერ ბარნაბიშვილმა.

ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ფრაქცია “დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ალექსანდრე სირბილაშვილსაც.

„თვითმმართველობის ისტორიაში პირველი პრეცედენტი მოხდა, რომ საკრებულოს უმრავლესობის მიერ არანაირი შენიშვნა და წინადადება არ იქნა გათვალისწინებული. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, თანხა დარგების მიხედვით თანაბრად გადანაწილებულიყო, ინფრასტრუქტურა და სპორტი წინა პლანზე წამოწეულიყო. პარადოქსია, რომ არცერთი თეთრი არ იქნა მომატებული ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, ყველა საკითხის იგნორირება მოხდა. არათანაბრად ფინანსდება არაკომერციული იურიდიული პირები, რაც ალბათ პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ჭიდაობის განვითარებისთვის გამოყოფილია 60 000 ლარი, ხოლო ნებისმიერი რიგითი ააიპ-ისთვის, რომლის დაფინანსების მიზანშეწონილობაც საეჭვოა, ორჯერ და სამჯერ მეტი თანხაა გათვალისწინებული.“

საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, დეპუტატების შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინეს. „ძირითადი პრიორიტეტია საბავშვო ბაღი, ინფრასტრუქტურა და სოციალური პაკეტი. საკრებულოდან უკან დაბრუნებული ბიუჯეტის შემდეგ, გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 320 000 ლარით გაიზარდა. რა შენიშვნებიც ჰქონდა დეპუტატებს, სრულად არ იქნა გათვალისწინებული. სპორტკომპლექსის დაფინანსების გაზრდას ითხოვდნენ 300 000 ლარით, ეს საკმაოდ დიდი თანხაა იმისთვის, რომ გამგეობამ ინფრასტრუქტურას მოაკლოს და ნაგ მიმართულებით გადაანაწილოს. მათი დაფინანსება მხოლოდ 50 000 გაიზარდა. ყველა მუხლს, გარდა ინფრასტრუქტურისა, გასულ წელთან შედარებით, თანხა 10%-ით მოაკლდა.“

ცნობისთვის, 2017 წლის გურჯაანის ადგილობრივი ბიუჯეტი 10 მილიონ 518 000 ლარით განისაზღვრა.
| Print |
FaceBook Twitter Google