ეკონომიკა
რა იცვლება საჯარო სამსახურში პირველი იანვრიდან
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად პირველი იანვრიდან, საჯარო სამსახური დახურული კონკურსების სისტემაზე გადადის.
ცვლილება 2015 წლის 27 ოქტომბერს განხორციელდა, რომლის საფუძველზე მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მოხელეები ოთხ რანგად დაიყვნენ. ესენია:

1. მმართველობითი დონე- სამსახურის უფროსები;
2. განყოფილების უფროსები;
3. უფროსი სპეციალისტები;
4.უმცროსი სპეციალისტები;

კონკრტულად რა იცვლება პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურში, ამის შესახებ speqtri.ge-ს რეგიონის განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლოლაძე ესაუბრა.

-„საჯარო მოხელეს შეუძლია საფეხურების მიხედვით სხვადასხვა დონეზე გადაინაცვლოს. თუ განეკუთვნება მეოთხე რანგს, კონკურსის საფუძველზე გახდეს მესამე რანგის მოხელე და ა.შ. 31 დეკემბრამდე ძალაშია ღია კონკურსები. მაგალითად, თუ გამოჩნდება ვაკანტური პოზიცია, ცხადდება ღია კონკურსი და ვაკანსია დაიდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე- hr.gov.ge-ზე. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 1 იანვრიდან კი პირველი, მეორე და მესამე რანგის საჯარო მოხელეებისთვის კონკურსი მხოლოდ შიდა სისტემაში გამოცხადდება. მაგალითად, თუკი რომელიმე მერიაში გაჩნდა სამსახურის უფროსის ვაკანსია, საჯარო სამსახურის სისტემის შიგნით გამოცხადდება კონკურსი. თუ მაგალითად ჩოხატაურშია ვაკანსია, შეუძლია თბილისიდან წავიდეს საჯარო მოხელე და კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.“

როგორც ჩვენთან საუბარში ნინო ლოლაძემ აღნიშნა, თუკი მოქალაქეს არ აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, პირველი იანვრიდან მას მხოლოდ მეოთხე რანგში გამოცხადებულ ღია კონკურსში შეუძლია მონაწილეობა.

„მეოთხე რანგში სპეციფიკური მოთხვნა არ არის. უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა და საშუალო განათლება ჰქონდეს მიღებული, ოყოს 18 წლის. თუ მას არ ჩაუბარებია ეროვნული გამოცდები, უნდა გაიაროს კონკურსი და საჯარო მოხელის სერტიფიკატი აიღოს. თუ უმაღლესი განათლება აქვს, მოხელის სერტიფიკატი აღარ მოეთხოვება. დავუშვათ, მოხელეს მეოთხედან მესამე პოზიციაზე სურს გადაინაცვლოს, ამისთვის მან საჯარო სამსახურში უნდა იმუშაოს გარკვეული დრო. საჯარო მოხელე მეოთხე პოზიციაზეც გამოსაცდელი ვადით ინიშნება. კვარტალში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხდება მისი შეფასება. თუ ორჯერ უარყოფით შეფასებას მიიღებს, საჯარო სამსახურიდან გაუშვებენ.“

როგორც რეგიონის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, თუ რეორგანიზაციის შედეგად საჯარო მოხელე გათავისუფლდება, მას უნდა მოეძებნოს სხვა სამსახური ან ორი წლის განმავლობაში რეზერვში ჩაირცხება.

„რეორგანზიაცია ითვალისწინებს საჯარო მოხელის გათავისუფლებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმუშევარი დატოვო. შეიქმნა რეზერვის სისტემა, მოხელე რომელიც გათავისუფლდება, მას საჯარო სამსახურის სივრცეში უნდა მოეძებნოს ალტერნეტიული სამსახური, შეიძლება ის რანგობრივადაც დაქვეითდეს. თუ ის იტყვის, რომ დაბალი რანგი არ უნდა, გადავა რეზერვში, რომელიც ორწლიანია. ნებისმიერ დროს, როდესაც გამოცხადდება დახურული კონკურსი, შეუძლია მასში მონაწილეობა მიიღოს. რეზერვში ყოფნისას ორი თვის განმავლობაში იღებს თანხას.“

ამასთან ერთად, როგორც ნინო ლოლაძე ამბობს, მას შეუძლია მუშაობა დაიწყოს კერძო სექტორში, თუმცა ორი წლის განმავლობაში საჯარო მოხელის სტატუსი მაინც უნარჩუნდება.

| Print |
FaceBook Twitter Google