ეკონომიკა
პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დაიწყება
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში – "აწარმოე საქართველოში“ ცვლილება შევიდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ცვლილების თანახმად, 2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე – მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში, მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

პროგრამის ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით.

ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს.

როგორც speqtri.ge-ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google