ეკონომიკა
ყვარელში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იწყება
ყვარლის მუნიციპალიტეტში, შპს „ინდეკო“ და შპს „ინვინო“ ახალი სასტუმრო კომპლექსისა და თანამდეროვე ხელოვნების გალერეის მშენებლობას იწყებენ.
ერთობლივი ინვესტიცია, რომელიც ჯამში, 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს მოიცავს: 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას და მენეჯმენტს, მიმდებარე ბუნებრივი ლანდშაფტის რეაბილიტაციას და მოწესრიგებას, თანამედროვე ხელოვნების გალერეის მშენებლობას, მისი ექსპონატებით დაკომპლექტებას და მართვას.

ადრეულ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „ინვინო“-ს მიერ მოხდა ვენახების გაშენება. კომპლექსის ტერიტორიაზე, 2020 წელს აგრეთვე დაგეგმილია ღვინის თანამედროვე საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება.

სასტუმროს მშენებლობის დაწყება ოფიციალური ღონისძიებით გაიხსნა.

„როცა კახეთის რეგიონული საერთაშორისო, საინვესტიციო ფორუმი ტარდებოდა, იქ მოხდა სწორედ ამ პროექტის პრეზენტაცია. დღეს, უკვე დამუშავებული პროექტი გვაქვს, საძირკველი უკვე გაჭრილია და ამ პროექტის რეალიზაციის დაწყება, ჩვენს თვალწინ რეალური ხდება. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ხედვისთვის, ამ გადაწყვეტილებისთვის. ვულოცავ კახეთს და ვულოცავ ყვარელს კიდევ ერთი ბრენდული სასტუმროს მშენებლობას. მრავალი ასეთი საქმე გაკეთებულიყოს ჩვენს ქვეყანაში“, -აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google