ეკონომიკა
საპენსიო სესხების განაკვეთი 26%-მდე შემცირდება
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე,  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით ახალი პირობებით გასცემს.
კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პენსიონერები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იღებენ, გაუმჯობესდეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილ სესხზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის. დღევანდელი მოცემულობით განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 26% იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განისაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, შერჩეულ ბანკს სახელმწიფო 15 მილიონი ლარით „შეეხიდება“. ზარქუას ინფორმაციით, საპენსიო სესხების ახალი პირობებით გაცემა 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.


ამავე თემაზე: 
პენსიონერები "ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ
| Print |
FaceBook Twitter Google