ეკონომიკა
გავა თუ არა ქართული ყველი რუსულ ბაზარზე
რუსულმა მედიამ სახელმწიფო სტრუქტურებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ქართული რძის საწარმოებს პროდუქტის ექსპორტზე გატანას სთავაზობს.

რუსულ მხარესთან ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესახებ რომ მოლპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა, "სურსათის ეროვნულ სააგენტოში" დაადასტურეს. უწყების ინფორმციით, საქართველო ამ საკითხზე რუსეთთან 2020 წლიდან მუშაობს.

თუმცა, მეყველეთა ასოციაციის წევრები და მკვლევარები ამბობენ, რომ ქართულ ყველს რუსულ ბაზარზე არ გაიტანენ. "რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კახაბერ კონიაშვილმა, ამის შესახებ სხვადსხვა მედიასაშუალებასთან საუბრისას განაცხადა.

-" არ ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების შეტანას. საერთოდ. არსებულ სიტუაციაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველი მომხმარებლების სურსათით უზრუნველყოფა და არცერთ კომპანიას არ აქვს გეგმაში, მით უმეტეს, არსებულ სიტუაციაში, რუსეთის ბაზარზე შევიდეს. წლების წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან და მათ შორის, რუსეთთან, რომ ბაზარი გახსნილიყო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, მათ შორის, რძის პროდუქტებისთვის.

ახლა, ამ ვითარებაში მათ ბაზარი გახსნეს, ალბათ, გაუჭირდათ ძალიან, რადგან შეზღუდვები აქვთ სხავა ქვეყნებიდან პროდუქტების შეტანაზე. შესაბამისად, მათ მოხსნეს შეზღუდვები იმ ქვეყნებზე, რომლებზეც ჰქონდათ დაწესებული, მათ შორის, ჩვენზეც.

ეს რომ ყოფილიყო სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ თავისი პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს, მაგრამ ამ ვითარებაში ასოციაციის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი წევრები არ აპირებენ რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების შეტანას,"- აცხადებს კახაბერ კონიაშვილი.

ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, აღნიშნულ საკითხს სიციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ქართული ყველი რუსულ ბაზარზე გავა, ქვეყანას დატოვებს და თავშესაფარს რომელიმე კეთილგანწყობილ სახელმწიფოს სთხოვს.

"საკუთარ შიდა ბაზრის მოთხივნებს ვერ ვაკმაყოფილებთ, რძე მცირე გვაქვს, ყველი მით უფრო. ჩვენი ყველის მწარმოებლეები რომ არ დავაზიანო, სხვა დეტალებს ჯერ არ ვიტყვი. თუ ერთი გრამი რძის პროდუქტი მაინც გავა რუსეთის ბაზარზე, მითუმეტს იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გათვლისწინებით, მე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, დაუყოვნებლივ დავტოვებ ქვეყანას და ქართული ყველის პოპულარიზაციას შევწყვეტ. მოვითხოვ თავშესაფარს რომელიმე კეთილგანწყობილ ქვეყანაში. როგორც არ უნდა დადებულიყო ეს შეთანხმება, ეს რუსული პოლიტიკაა, შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. შიმშილით სიკვდილი მირჩევია დღეს რუსული ბაზრის მომარაგებას. არ უნდა გავცვალოთ ჩვენი სამშობლო ყველის ნაჭრებზე,"- აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე პეტიციას დააინიცირებს და პოზიციის დაფიქსირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.



| Print |
FaceBook Twitter Google