ეკონომიკა
საქართველოს მიზანია, ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება რუსეთის ენერგო რესურსებზე-დავით სონღულაშვილი
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაზე პოლიტიკოსი დავით სონღულაშვილი გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ისაუბრა რუსეთის ენერგორესურსებზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებაზე.

“პირველ რიგში, ნება მომეცით გამოვხატო ჩემი სრული და მტკიცე სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის ხალხის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა.

მიზნის სრულად შესასრულებლად და ევროკავშირში შესვლის დასაჩქარებლად მნიშვნელოვანია უკეთესი კავშირების შექმნა და ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპის საერთო ბაზარზე.

საქართველოს მიზანია, ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება რუსეთის ენერგო რესურსებზე. ევროპასთან შესაბამისი კავშირების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ენერგიის ჩვენგან მიწოდებას, ასევე ევროპიდან ელექტროენერგიის აქ შემოდინებასა და ერთიან ევროპულ ენერგეტიკულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირებას. ეს მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკის, ასევე კლიმატის დაცვის თვალსაზრისით.

ვინაიდან ჩვენ არ ვართ დაკავშირებულები ერთიან ევროპულ სივრცესთან, შავი ზღვის პოტენციალის უკეთესად ათვისება და შესაბამისი კავშირების განვითარება გვჭირდება, ხოლო ამისთვის საქართველო შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ჰაბი.

ეს მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას შემცირების თვალსაზრისითაც, რაც უკვე მსოფლიო დღის წესრიგშიცაა”,--ამბობს დავით სონღულაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google