ეკონომიკა
რუსულ საგადასახადო სისტემა МИР-თან თანამშრომლობის შეფასება სცდება ჩვენს კომპეტენციას- ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია "Мир"-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.

განცხადებას საქართველოს ეროვნული ბაკი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

„ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია "Мир"-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში.

შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა.“,-ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ფეისბუქ-გვერდზე ასევე გააკეთა „ჯორჯიან ეირვეისმაც“. კომპანია აცხადებს, რომ მიერთებულია ესპანურ საგადასახადო სისტემა WebSky.tech-თან, რომელიც, თავის მხრივ, თანამშრომლობს МИР-თან, შესაბამისად კომპანიას არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია საერთაშორისო ესპანურ კომპანიაზე.

„ბოლო დღეებში, „ჯორჯიან ეარვეისთან“ დაკავშირებით შექმნილია ყოვლად უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომელსაც სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა ბატონმა ნიკანორ მელიამ.

გვინდა ყველას გავუცრუოთ იმედები და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია.

აქვე განვმარტავთ, „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც. WebSky.tech-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.

„ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.

რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში.“,-ვკითხულობთ განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google