ეკონომიკა
იქნება თუ არა საქართველოში ფქვილის დეფიციტი
საცხობის მფლობელები და მაღაზიის მეპატრონეები პურის გაძვირებაზე უკვე საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, რამდენიმე დღეში ფასმა, შესაძლოა, 10-დან 20 თეთრამდე მოიმატოს.

ფასის მატებაზე აკეთებენ აქცენტს სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე ადამიანები. ფერმერ ქალთა ასოციციაციის თავმჯდომარე, ირინა ფხოველიშვილი speqtri.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი იწურება და შესაბამისად, პურზე ფასის მატება გარდაუვალია.

"რასაც ჩვენ იმპორტირებულ ხორბალს მოვიხმართ, 94% რუსული ხორბალია. ფაქტი სახეზეა, რუსეთი ომშია ჩართული, მის მიმართ დაწესებულ სანქციებს თუ გავითვალისწინებთ, რთული იქნება ხორბლის შემოტანა. ჩვენს ქვეყანას ხორბლის მარაგი არ აქვს, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. სასურსათო უსაფრთხოებისთვის, ხორბაისთვის, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტისთვის, უნდა აღიარება გაეკეთებინა და სახელმწიფოს პროგრამები მიემართა ხარისხიანი ხორბლის წარმოებისკენ. ჩვენ რეალური საშიშროების წინაშე ვდგავართ, ვერც რუსეთიდან შემოვიტანთ ხორბალს და ვერც უკრაინიდან, სხვა ქვეყნებიდან შემოტანა კი, მაგალითად, კანადიდან, ყახაზეთიდან, ყირგიზეთიდან, საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება. ეს ყველაფერი პურის ფასზე აისახება. როდიდან შეიძლება ველოდოთ ფასის მატებას, ამის თქმა ცოტა რთულია. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რასაც აკეთებენ „კეთილსინდისიერი“ ბიზნესმენები, მაღაზიის ხელმძღვანელები, სასწრაფოდ რომ გადამალეს ბევრი პროდუქტი და შექმნეს აჟიოტაჟი, არც თუ ისე შორეულ მომავალში მოხდება,"-განაცხადა ირინა ფხოველიშვილმა.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის თქმით, ფქვილის დეფიციტის შიში ნამდვილად არსებობს.

“ქვეყანას სჭირდება 800 000 ტონა ხორბალი. ამაში საფურაჟეც იგულისხმება და ფქვილიც. აქამდე ფქვილი შემოდიოდა და მერე ხდებოდა წარმოება წისქვილ-კომინტებში. დღესდღეობით მხოლოდ ფქვილი შემოდის. არავის აქვს ფქვილის წამოების ინტერესი. ეს სხვა პრობლემაა კიდევ. ძირითადი იმპორტიორი რუსეთია, ამიტომ არსებობს ფქვილის დეფიციტის შიში. თუ რუსეთში ფულს ვერ გადავრიცხავთ, შესაბამისად, ვერც შემოვიტანთ რამეს,“- აცხადებს ბექა გონაშვილი ჩვენთან საუბარში.

ფქვილის დეფიციტთან დაკავშირებით, დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

- „ერთი თვე ხორბლის მარაგი გვაქვს და ერთი თვე ფქვილის. ეს მარაგები მაშინ შემოიტანეს, როცა ფასი სტაბილური იყო. შემდეგი შემოტანა იქნება უფრო ძვირი, რადგან მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირებულია. მიწოდების 30% მსოფლიოში მოდის უკრაინასა და რუსეთზე. პორტები დაკეტილია და მიწოდება აღარ ხდება. ჩვენც, როდესაც შემოვიტანთ ყაზახურ, რუმინულ ან უნგრულ ხორბალს, იქნება უფრო ძვირი. მოსახლეობისთვის ძირითადად პურის ფასია მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ფასის მატებაზე ერთ თვეში, ან თვენახევარში იყოს საუბარი,"- აცხადებს ლევან სილაგავა speqtri.ge-სთან.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გამოითქვა მზაობა, რომ თუ ფქვილისა და შესაბამისად, პურის ფასის მატების რისკი გაჩნდება, მაშინ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას აამოქმედებს.



| Print |
FaceBook Twitter Google