ეკონომიკა
როდის შემცირდება საწვავის ფასი
საქართველოში საწვავის ფასის ნიშნული 4 ლარს გასცდა. ვისოლის ქსელში ევროდიზელი 4.04 თეთრი ღირს. სხვა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზეც ფასები 4.00 ლარიან ზღვარს მხოლოდ რამდენიმე თეთრით ჩამორჩება.
"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე speqtri.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საწვავზე ფასის მატება ინფლაციამ და უკრაინის ომმა გამოიწვია.

"ბოლო პერიოდში, რუსული აგრესიისა და რუსეთზე დაკისრებული სანქციების გამო, ნავთობის ფასმა საკმაოდ მოიმატა. ამას დაემატა ლარის გაუფასურება. ამ ყველაფერმა გამოიწვია საწვავის გაძვირება, რადგან ჩვენ ვართ საწვავის იმპორტიორი ქვეყანა და დამოკიდებული ვართ, თუ როგორი იქნება საერთაშირისო ბაზარზე ნავთობის ფასი. იმისთვის, რომ ეს ფასი შემცირდეს, საჭიროა საწვავზე აქციზის გადასახადის შემცირება ან გაუქმება, ჩემი აზრით, გაუქმება სჯობს. ეს გარკვეულ შეღავათს მისცემს მოქალაქეებს და ბიზნესსაც, რომელსაც საქმიანობა ყოველდღიურად უძვირდება. შესაბამისად, საწვავის ფასის ცვლილება სხვა ყველაფრის ფასზე მოქმედებს".

სადამდე შეიძლება გაძვირდეს საწვავი, გიორგი კეპულაძის განცხადებით, ამის თქმა წინასწარ რთულია.

"როდესაც ომი მიმდინარეობს, სანამ ეს კონფლიქტი არ დასრულდება, არ გამოიკევეთება შემდეგი პერიოდი, რთულია თქმა, სადამდე შეიძლება ავიდეს ფასი. შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, ან შემცირდეს. მაგალითად, წინა კვირაში შემცირებული იყო, მერე ისევ მოიმატა. ჩვენ ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ ამაზე. გარდა იმისა, რომ აქციზის გადასახადი შევამციროთ, ან გავაუქმოთ."

გიორგი კეპულაძის თქმით კი,  აქციზის გადასახადის გაუქმებაზე ან შემცირებაზე მთავრობაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

„ახლა საკმაოდ კრიტიკული ვითარებაა ფასების ზრდის კუთხით. რასაც ველოდით, რომ აპრილიდან ფასები შემცირდებოდა, ალბათ ასე ვერ იქნება. ომი მიმდინარეობს რეგიონში თავისი მთელი კატასტროფული შედეგით. აქციზის გადასახადის შემცირებას ითხოვენ იმპორტიორები. მესმის,რომ ეს გარკვეულწილად იქნება დანაკლისი სახელმწიფოსთვის, თუმცა მეორე მხრივ, საწვავზე გაზრდილი ფასის დაბალანსება, შემდეგ სხვა ყველაფერზე აისახება".


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქციზი / საწვავი /