ეკონომიკა
„თბილღვინო“ რუსეთში ღვინის ექსპორტზე უარს ამბობს
ქართული ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა და ექსპორტიორმა კომპანია„თბილღვინომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები შეაჩეროს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თავად კომპანია ავრცელებს.

მათი განცხადებით, რუსეთის ბაზარს აქამდე კომპანიის წლიური გაყიდვების 21% ეკავა.

„ბოლოდროინდელი მოვლენები და ამით გამოწვეული გლობალური წნეხი რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზე დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის მოლოდინებზე, გრძელვადიან პერსპექტივებზე და ზოგადად, დიდ ცვლილებას მოასწავებს ლოგისტიკურ ჯაჭვშიც.

ამასთან, ვფიქრობთ, რომ სანქციები რუსეთის საბანკო და ფინანსურ სისტემაზე და ვალუტის დევალვაციის პროცესი კიდევ უფრო გაართულებს მომავალში ტრანზაქციების განხორციელებას.

უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან, კომპანიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა იმ რისკისა თუ ცვლილების განხილვა, მათ შორის რეპუტაციული რისკისაც, რომელიც, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ჩვენს კომერციულ მდგომარეობაზე.

მთავარი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და დახმარებაა. ჩვენ ვაგზავნით ჰუმანიტარულ ტვირთებს უკრაინაში, კომპანიისა და ჩვენი თანამშრომლების სახელით ვაკეთებთ დონაციას სპეციალურად შექმნილ ფონდებში და გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განახლებას.“,- ამბობს „თბილღვინოს“ დამფუძნებელი, ზურა მარგველაშვილი.


კომპანიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთში და ზოგადად, რეგიონში რთული და არაპროგნოზირებადი სიტუაცია შეიქმნა, რაც რეპუტაციულ რისკთან ერთად, ბიზნესის წარმოებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის.

„თბილღვინოს“ მიზანი ყოველთვის იყო, რომ ქართულ ღვინოს იცნობდნენ და აფასებდნენ მთელს მსოფლიოში. დღეისთვის, „თბილღვინო“ ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი ლიდერია, მისი პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 30 ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ვაპირებთ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი, გავზარდოთ გაყიდვები არსებულ და ახალ ბაზრებზე, ასევე მოვნახოთ ალტერნატიული ლოგისტიკური არხები როგორც ექსპორტისთვის, ისე იმპორტისთვის,“ - აცხადებს კომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელი, გაგა მარგველაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google