ინფრასტრუქტურა
"50 მეტრში ფანტანს აკეთებენ, აქ კი გზა ინგრევა!"
ქალაქ გურჯაანში, "ახტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური საავტომობილო გზა ყოველდღიურად ზიანდება და მისი დანგრევის საფრთხე რეალურად არსებობს. მეწყერულ ზონას, რომელიც გადატვირთულია ავტომობილებითა და ფეხით მოსიარულებით, გურჯაანელების თქმით, დროული მიხედვა სჭირდება.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქალაქ გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, კურორტ "ახტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ტერიტორია, რომელიც მეწყერულ ზონად ითვლება, ნელ-ნელა დაბლა იწევს, ასფალტზე ნაპრალებია და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ბილიკი საგრძნობლადაა ჩაღრმავებული. მოქალაქეების თქმით, თუ ამ პრობლემას დროულად არ მიეხედა, გზა, რომელიც "ახტალას" გადაჰყურებს, შეიძლება მალე მთლიანად ჩაინგრეს.
"თითქმის ყოველდღე ამ გზაზე მიწევს გავლა. ეს ბილიკი აქამდე ასე არ ყოფილა დაწეული. წინა წლებში მიწით ამოავსეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ნაპრალი ნელ-ნელა იზრდება. გასულ კვირასთან შედარებით, ასფალტი ახლა უკვე ისეა გახსნილი, რომ საშიშია როგორც ავტომობილებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის. ამას დროული და სერიოზული მიხედვა სჭირდება," _ ამბობს მოქალაქე ნანა კვირიაშვილი.
გურჯაანელების თქმით, გასულ წელს აღნიშნული ადგილი დროებით შეაკეთეს, თუმცა კაპიტალურად მისი გამაგრება არ მოხდა. საავტომობილო გზა ყოველდღიურად უფრო ზიანდება და ჩანგრევის საფრთხეც იზრდება.
"შეიძლება ეს ნაპრალი დღეს არაფრად მიაჩნიათ და ამიტომ ყურადღებასაც არავინ აქცევს, მაგრამ თავისი ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, მართლაც მნიშვნელოვანი ადგილია. "ახტალის" მიმდებარე ტერიტორია მეწყერ-საშიშ ზონად ითვლება და მისი ყურადღების მიღმა დატოვება, ნამდვილად არ შეიძლება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სათანადო ზომებს უნდა მიმართოს _ თუ მათ შესაძლებლობებში მისი რეაბილიტაცია-გამაგრება არ შედის, მაშინ რომელი სამსახურების კომპეტენციაც არის, დროულად უნდა ჩააყენონ საქმის კურში. ამ საკითხის გადაჭრაზე თუ არ იზრუნეს, შეიძლება სამარცხვინო სიტუაციაში აღმოვჩნდეთ _ 50 მეტრში ფანტანს აკეთებენ, აქ კი გზა ინგრევა!" _ ამბობს გოგი სამხარაძე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მათ კომპეტენციაში არ შედის და ამ საკითხის შესახებ შესაბამისი სამსახურისთვის საინფორმაციო ხასიათის წერილი უკვე მზადების პროცესშია.
"ადგილობრივ ბიუჯეტში მისი რეაბილიტაციისთვის თანხა ნამდვილად არ არის გათვალისწინებული იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა და საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. სიტყვიერად ისინი საქმის კურსში უკვე ჩავაყენეთ, ახლა წერილითაც მივმართავთ და ამ საკითხს აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას. ეს ტერიტორია მართლაც მეწყერული ზონაა. ჩვენ გაგზავნილი გვყავდა საპროექტოს თანამშრომლები, ადგილზე ვიზუალურად დაათვალიერეს მდგომარეობა, აღნიშნეს რა პრობლემებია და ახლა შესაბამის სამსახურს წერილობითაც მივმართავთ. საერთოდ, გზების დეპარტამენტი პერიოდულად პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ხოლმე," _ განმარტა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი მინდიაშვილმა.
გურჯაანელები კი შიშობენ, რომ შესაბამისი სამსახურებისგან სათანადო რეაგირებამდე, შესაძლოა, გზა ისე დაზიანდეს, რომ მოძრაობა შეუძლებელი გახდეს, უარეს შემთხვევაში,  კი არ არის გამორიცხული, რომ ჩაინგრეს და მსხვერპლიც კი მოჰყვეს.

P.S. მას შემდეგ, რას აღნიშნული საკითხით "სპექტრი" დაინტერესდა, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარება მათ კომპეტენციაში არ შედის, ჩვენდა გასაკვირად, კომენტარის გაკეთებიდან მეორე დღესვე "ახტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს და ორ დღეში შეასრულეს. თუმცა, მოქალაქეების თქმით, ამ მონაკვეთის ზედაპირული შეკეთება პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან მეწყერულ ზონას საფუძვლიანი შესწავლა და შესაბამისად კაპიტალური აღდგენა სჭირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google