ინფრასტრუქტურა
გურჯაანის სკოლა-ინტერნატს აუქციონზე გაყიდიან
გურჯაანის სკოლა-ინტერნატის შენობა, რომელიც წლებია უპატრონოდ არის მიტოვებული, აუქციონის წესით გაიყიდება.

საუბარი იყო იმაზე, რომ იქ კადეტთა კორპუსი უნდა განთავსებულიყო, თუმცა იდეა იდეად დარჩა.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის გამგებელმა გია გერგიძემ განაცხადა, გასულ წელს ტერიტორია თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმაც დაათვალიერა.
"ძალიან გვინდოდა კადეტთა კორპუსი ყოფილიყო. ეს აზრი თავიდან თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა, რომელიც გურჯაანის მკვიდრია. მინისტრიც გვერდში დაგვიდგა. გამოგზავნეს კომისია და აღმოჩნდა, რომ შენობები ამორტიზებულია და მათი გამოყენება შეუძლებელია. ფაქტობრივად, ახალი ნაგებობა უნდა აშენდეს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. იმის გამო, რომ ტერიტორია დაუცველია და უსაქმურების თავშეყრის ადგილად არის ქცეული, გადავწყვიტეთ, უახლოეს მომავალში აუქციონზე გავიტანოთ. თუ გაიყიდა, თანხებს ბიუჯეტში პრიორიტეტულ სფეროებზე გადავანაწილებთ. "-აღნიშნა მან.


შეგახსენებთ, რომ სკოლა-ინტერნატის შენობა უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც 2010 წელს აღნიშნული დაწესებულება გაუქმდა. თავის დროზე ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა და 2012 წლის 27 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადაეცა. მას შემდეგ იყო საუბარი, რომ იქ სპორტული ბაზა ან კადეტთა კორპუსი უნდა გაკეთებულიყო.

| Print |
FaceBook Twitter Google