გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში გზის რეაბილიტაციის
პროექტი დასკვნით ფაზაშია და აპრილის ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტიც
გაფორმდება.
4 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური
განვითარების ფონდმა ჩაატარა. პროექტის ღირებულება 950 675 ლარია და
ის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
სოფლის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვალერი
ბარნაბიშვილი არასრულყოფილად შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს. მისი
თქმით, სანიაღვრეები კაპიტალურად არ მოეწყო, რის გამოც მოსახლეობას
დატბორვის საფრთხე ემუქრება.
„ჯერ კიდევ 2013 წლის სოფლის კრებაზე, მოსახლეობამ
ერთპიროვნულად მოითხოვა სამკილომეტრნახევრიანი მონაკვეთის
რეაბილიტაცია. შედგა ოქმი, რაც გადაიგზავნა გამგეობაში, ამას მოჰყვა
რეაგირება. შედგა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა, ცენტრალური გზის
მოასფალტებას სამკილომეტრნახევარზე, ორ უბანში, სადაც ყველაზე ცხელი
წერტილია, (ღვინიაანთ და მირაშვილების უბანი) სანიაღვრე არხის
კაპიტალურ მოწყობას. პროექტის დაფინანსების შემდეგ, მოხდა ცვლილება.
სანიაღვრეების მოწყობის ნაცვლად, დაემატა 500 მეტრიანი მონაკვეთის
მოასფალტება. სანიღავრეები მოაწყეს კონსტრუქციის გარეშე. ამას მოჰყვა
ხალხის უარყოფითი რეაქცია. ამ ორ უბანში ჭარბი ნალექის დროს
მოვარდნილი ნიაღვარი, ეზოებისა და სახლების დატბორვას გამოიწვევს. ამ
პროექტის ფარგლებში, ეზოებთან შესასვლელებში გაკეთდა 300-400
მილიმეტრიანი ფოლადის მილები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს
წყალს ვერ გაატარებს, რაც გამოიწვევს მოსახლეობის მატერიალურ ზარალს
და ასევე ასფალტის საფარის გაფუჭებასაც. პროექტით გათვალისწინებული
იყო ეზოებში შესასველელების მოასფალტებითი სამუშაოები. ხელთ მაქვს
ხარჯთაღრიცხვაც, არც ეს შესრულდა. რომ არ შეცვლილიყო პროექტი და 450
მეტრზე სადგურის უბანში, ჩალაუბანი-მელაანის დამაკავშირებელ გზაზე არ
დაგებულიყო ასფალტი, კაპიტალურად მოეწყობოდა სანიაღვრეები. ამ გზის
რეაბილიტაცია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ისედაც იჯდა.“
საკითხის გარკვევას მუნიციპალური განვითარების ფონდში შევეცადეთ. მათი
ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 4 კმ-იანი ამორტიზებული გზის სრული
რეაბილიტაცია მოხდა, კერძოდ, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო
გრუნტის სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდა ეზოში
შესასვლელები ხრეშოვანი საფარით.
„პროექტი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნა
მოწოდებული, არ ითვალისწინებდა სანიაღვრე სისტემების მოწყობას, ამის
შემდგომ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განიხილა პროექტი
საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისასთან“ ერთად და მოახდინა
მისი კორექტირება: შესაბამისად,პროექტს დაემატა ახალი წყალგამტარი
მილების მოწყობა; გრუნტის კიუვეტების მოწყობა;ლითონის მილების
მოწყობა;უსაფრთხოების მიზნით, გაკეთდა გზის მონიშვნითი სამუშაოები.
შესაბამისად, დეპუტატის ვარაუდი, რომელიც მხოლოდ ზეპირ განცხადებას
ეყრდნობა და მას არ წარმოუდგენია დასაბუთებული არგუმენტი, ყოველგვარ
საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული საფრთხე სწორედ მანამდე არსებობდა,
ვიდრე ფონდი პროექტს განახორციელებდა. რაც შეეხება 450 მეტრიანი
მონაკვეთის რეაბილიტაციას, სწორედ პროექტი ითვალისწინებდა. უზუსტობაა
გზის სიგრძესთან დაკავშირებითაც, ვინაიდან, ჩალაუბანი-მელაანის
დამაკავშირებელ მონაკვეთზე არა 450 მ არამედ 316 მ გზის რეაბილიტაცია
მოხდა."
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი
ითვალისწინებდა ეზოში შესასვლელების მოასფალტებას მთლიანი მოსახლეობის
მხოლოდ 30%-ზე.
„ეს თავისთავად წარმოადგენდა პროექტის ხარვეზს. იმისთვის რომ
30 % ის ნაცვლად 100%-ისთვის გაგვეკეთებინა ეზოში შესასვლელი ასფალტის
საფარი, ეს პროექტს მნიშვნელოვნად აძვირებდა. აღნიშნული მდგომარეობის
გათვალისწინებით, პროექტში შევიდა ცვლილება და ყველა მოსახლის ეზოში
შესასვლელთან მოეწყო ხრეშოვანი საფარი. ამასთანავე, გაკეთდა წყლის
მოცილების ქსელი, სწორედ იმისთვის, რომ ძლიერი წვიმის დროს ეზოები არ
დაიტბოროს.“
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გავარკვიეთ, აღნიშნული
პროექტი 2013 წელს შეადგინეს. ამიტომ მაშინდელ გამგებელს ემზარ
ჯიქურაშვილს დავუკავშირდით,
„პროექტი გავატანე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ირაკლი
მინდიაშვილს. ჩვენ რომ ვაპროექტებდით და ვითვალისწინებდით, დავუშვათ,
3 სმ მსხვილ კენჭოვან ფენას და 4 სმ-ს, წვრილმარცვლოვანს, მგფ-ში იქ
უფრო მაღალი სტანდარტი და სხვა მოთხოვნები ჰქონდათ. პროექტის
კორექტირება რამდენჯერმე მოხდა, რომ იმ სტანდარტებამდე მიგვეყვანა.
მახსოვს, საუბარი იყო, რომ მგფ გზას არ გააკეთებდა სანიაღვრეების
გარეშე. ეს გათვალისწინებული იყო სტანდარტებში, მაგრამ საბოლოოდ რატომ
არ ჩაჯდა, ზუსტად არ მახსოვს. რაც შეეხება ეზოებში შესასვლელების
მოასფალტებას, გათვალისწინებული იყო თუ არა, კონკრეტულად ვერ გეტყვით.
მაგრამ მგფ-ის სხვა პროექტების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, თითქმის
ყველგან შესრულდა მსგავსი სამუშაო.“
იმ ხარჯთაღრიცხვიდან, რომელიც ჩალაუბნის დეპუტატმა ვალერი
ბარნაბიშვილმა მოგვაწოდა, ირკვევა, რომ ეზოში შესასვლელების
მოასფალტება ნამდვილად უნდა მომხდარიყო. (საფარის მოწყობა
წვრილმარცვლოვანი მკვრივი ღორღოვანი ასფალტო-ბეტონის ცხელი ნარევით
სისქით 5სმ)
speqtri.ge-ს ობიექტივმა დღეს სანიაღვრე არხში დაგროვილი წყალი
დააფიქსირა. გამართლდება თუ არა, დეპუტატის მოსაზრება მოსახლეობის
დატბორვის საფრთხესთან დაკავშირებით, ეს ძლიერი წვიმის დროს
გამოჩნდება.
მასალის გამოყენების პირობები