ინფრასტრუქტურა
საგზაო უსაფრთხოება და ურნების განთავსების პრინციპი გურჯაანში
ქალაქ გურჯაანში აღმაშენებლის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე ნაგვის ურნების დადგმას მძღოლები აპროტესტებენ.
როგორც ისინი ამბობენ ზოგიერთი არასწორად არის გადანაწილებული, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.
როგორც ჩვენთან საუბარში მირიან თავთეთრიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ მონაკვეთში რამდენიმე კვირის წინ ავარიას გადაურჩა.
„აღმართზე ურნა ისე დგას, რომ ზემოდან მომავალი მანქანა არ ჩანს. ზოგადად ამ ქუჩაზე მოძრაობა ხშირად არ მიწევს, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ყინვების დროს, საღამოს საათებში ახლობელთან მომიწია წასვლა. უკვე ზემოთ ასულმა შემხვედრი მანქანა შევნიშნე. ისეთი სიტუაცია იყო, ან მას უნდა შევჯახებოდი, ან უკან დამეწია. გზა მოყინული იყო, მოვცურდი და საჭე ძლივს დავიმორჩილე, თორემ ურნას ვეჯახებოდი.“
ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ ტაქსის მძღოლებიც, თუმცა სახელის და გვარის დასახელებისგან თავს იკავებენ.
„ნაგვის ურნები აღმაშენებლის ქუჩაზე არასწორად დგას. ერთი ცეხის წინ, მეორე ობელისკების ჩასასვლელთან, ორივე შემთხვევაში მოსახვევია და ყველანაირად ხელს უშლის მძღოლს. ისედაც ვიწრო გზაა და ამით უფრო ვიწროვდება. იქ უნდა იდგეს თუ არა ეს ალბათ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ მძღოლებს რომ უშლის, ეს ფაქტია.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის განყოფილების უფროსის თეიმურაზ ბაჩუკაშვილის თქმით, ურნები ისეა გადანაწილებული, რომ მოსახლეობისთვის მოსახერხებელი იყოს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ის ფაქტორიც, რომ ნაგავმზიდს მის აღებაში შეფერხება არ ჰქონდეს.
„თავის დროზე, როცა დავდგით, მოსახლეობასთან არ ჩამოგვივლია და აზრი არ გვიკითხავს. ასე რომ მოვქცეულიყავით, ვერსად დავდგავდით, რადგან ურნები უნდათ, მაგრამ სახლის სიახლოვეს არ უნდა იყოს. გარდა ამისა, ნაგავმზიდი ყველაგან ვერ მიუდგება. ტროტუარებთან წესით უნდა იყოს გაკეთებული ეგრეთწოდებული „ჯიბეები“, სადაც შეიდგმება ურნა, რომ არავის არ შეუშალოს ხელი. მაგრამ თავის დროზე ესენი არ იყო, ეხლა კიდევ გაკეთება ასე იოლი არ არის. რაც შეეხება კონკრეტულ მონაკვეთს, მანდ იმიტომ დავდგით, რომ ამ მხარეს მოსახლეობა ნაკლებად ცხოვრობს. თუ ვინმეს ხელს უშლის, ცოტათი შეუძლიათ შეუცვალონ ადგილი. სადაც ფიქრობენ, რომ ცოტა უსაფრთხო იქნება გადააგორონ, მთავარია, მოსახლეობამ არ გააპროტესტოს. პოლიციასთან და საპატრულოსთან საკითხი არ შეგვითანხმებია. ურნები დავალაგეთ ჩვენი შეხედულებისამებრ, ზოგს მოსწონს ზოგს არა“-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამჟამად გურჯაანში ასი ცალი კონტეინერია განთავსებული და მომავალში კიდევ ას ცალს ელოდებიან, რითაც ძველ ურნებს ამოცვლიან და მთელ ქალაქს მოიცავენ.

| Print |
FaceBook Twitter Google