ინფრასტრუქტურა
რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მიმდინარე წელს ახმეტაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ნახევარ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ speqtri.ge-ს გამგებლის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, რეგიონებში განსახორცილეებლი პროექტების ფონდიდან 11 პროეტი დაფინანსდა, 9 მათგანზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

-„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში სულ 11 პროექტი გავაგზავნეთ და ყველა დაფინასნდა. ეს ძირითადად მოიცავს გზებისა და წყლის სისტემების რეაბილიტაციას. სოფელ ქვემო ალვანის #1 საბავშვო ბაღსა და ამავე სოფელში ცენტრალურ წყალსადენს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეგიონული ფონდიდან დაფინანსდება ასევე სოფელ ხორხელთან მისასვლელი გზისა და ახმეტაში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია. საბეროს უბანში მოეწყობა შიდა გზები და ასევე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები.

რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტს, აქედან მოხდება ქალაქის შიდა გზის რეაბილიტაცია. ასევე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა რამდენიმე საბავშვო ბაღში სამზარეულოები და პროდუქტების საწყობი ოთახები. ამას სურსათის ეროვნული სააგენტო ითხოვს. ასევე ქალაქ ახმეტაში და სოფელ საკობიანოში გაკეთდება მინისტადიონები. შესაბამისად მოეწყობა სოციალური სახლის სამზარეულო ოთახები. წყლის სისტემაზე დიდი სამუშაოები უკვე შესრულდა სოფელ მატანში. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სოფელშიც. თუშეთში სულ მალე ტურისტული სეზონი დაიწყება. ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა, რომელიც შიდა გზების გაწმენდით სამუშაოებს განახორციელებს“- განაცხადა ნასყიდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე განხორციელდა ქვემო ალვანში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია, ქალაქ ახმეტაში კი სატრენაჟორო დარბაზი აშენდა, ახლა ტრენაჟორების შეძენას ელოდებიან, რის შემდეგაც ობიექტი გაიხსნება.

ცნობისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 2 მილიონ 800 000 ლარის პროექტები განხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google