ინფრასტრუქტურა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
როგორც ჩვენთან საუბარში ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მანანა ნადიბაიძემ განაცხადა, სასწავლო პროცესი 2011 წლიდან ნაქირავებ ფართში მიმდინარეობს.

-„სკოლის პროექტი გამზადებულია, ტერიტორიაც უკვე მოსუფთავებულია, რათა ხელი არ შეეშალოს მშენებლობის დაწყებას. შენობა ნაქირავები გვაქვს, თუმცა ოთახები არასაკმარისია და ინფრასტრუქტურაც არაკეთილმოწყობილია. როცა საკუთარი ტერიტორია არ არის, ვერ მოაწესრიგებ ამ ყველაფერს, რადგან უფლება არ გაქვს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად სასიხარულოა სკოლის მშენებლობა. ეს საბაზო სკოლაა და ამ დროისთვის 28 მოსწავლე სწავლობს. მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ქისტაურის სკოლაში დადიან და მათ ტრანსპორტი ემსახურებათ.“

სკოლის მშენებლობისთვის 1 279 750 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები 14 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google