ინფრასტრუქტურა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 12 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მიმდინარე წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 12 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ speqtri.ge-ს ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს.
მერიამ 8 სკოლაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, 4-ზე კი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ საგარეჯოს #1, გიორგიწმინდის, გომბორის, თოხლიაურის, მანავის, ნინოწმინდის, პატარა ჩაილურის, უდაბნოს, ყანდაურის, წყაროსთავის, ხაშმისა და უჯარმის საჯარო სკოლებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სულ 730 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა ადგილობრივ თვითმმართველობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადასცა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი მიმდინარე წელს მეორედ გამოაცხადა, პირველ ჯერზე ტენდერი ჩავარდა.


| Print |
FaceBook Twitter Google