ინფრასტრუქტურა
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 27 მაისს გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 8 ივლისის 16:00 საათი.

ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი16.6 კმ. სიგრძის 2-ზოლიანი ასფალტის საფარიანი გზისა და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.

„აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით.“ - განმარტავენ უწყებაში.

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება. ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

| Print |
FaceBook Twitter Google