ინფრასტრუქტურა
კახეთის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა აშენდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის გზის პროექტირება დასრულდა. ეს არის 85 კმ-იანი მონაკვეთი, 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის, ისე კახეთის რეგიონის განვითარებისთვის. მისივე განმარტებით, ამ გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და სამ ლოტად დაიყოფა.

„ანალიზის შედეგად, როგორც საინჟინრო-ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომ პირველ ლოტზე ქართულ კომპანიებს მიეცეთ ტენდერში პირდაპირ მონაწილეობის შესაძლებლობა. ესაა 4 კმ-მდე ოთხზოლიანი ავტომაგისტრალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების შეძენის კუთხით და შემდგომში, კიდევ უფრო დიდ ტენდერებში მონაწილეობისათვის. 74 მილიონი ლარია საორიენტაციო ბიუჯეტი მხოლოდ ამ ლოტისთვის და ასეთი ზომის ტენდერი ჩვენ სახელმწიფო შესყიდვით ჯერ არ გამოგვიცხადებია.

დანარჩენი ორი ლოტის ღირებულება 576 მილიონი ლარია. ამ შემთხვევაში, ტენდერები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესების დაცვით ჩატარდება და აქაც ქართულ კომპანიებს ერთობლივი საწარმოების შექმნით შეეძლებათ კონკურსში მონაწილეობა.“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.


მისივე განმარტებით, ბაკურციხიდან ჩუმლაყის მიმართულებით, ე.წ. გურჯაანის შემოვლითი გზა, მალე დასრულდება და შევა ექსპულატაციაში, რის შედეგედაც ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის 6 სოფელში. ამის შედეგად გადაადგილების დრო განახევრდება.

რაც შეეხება ბაკურციხე-წნორის მიმართულებას, ახალი გზის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
| Print |
FaceBook Twitter Google