ინფრასტრუქტურა
კარდენახის და კალაურის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახისა და კალაურის საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სწავლას განახლებულ შენობებში დაიწყებენ. ამ ეტაპზე ორივე სკოლაში კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სასწავლო კაბინეტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და მოწყობა. სკოლებში იფუნქციონირებს კომპიუტერული, ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები.
„ამ ეტაპზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა კოსმეტიკური რემონტი. ვფიქრობთ რომ ახალი სასწავლო წლისათვის ბავშვები ახალ გარემოში დაიწყებენ სასწავლო პროცესს. სამუშაო და სასწავლო გარემო ნამდვილად პირდაპირპროპორციულად განსაზღვრავს როგორც მუშაობის ასევე სწავლების ხარისხს . სულ სხვაა როდესაც კომფორტია შექმნილი. როდესაც კარგად აღჭურვილია კაბინეტ ლაბორატორია იქ მოსწავლის მოტივაციაც იზრდება და პედაგოგსაც უადვილდება მუშაობა. რაც შეეხება სხვა საჯარო სკოლებს, სამინისტროში ჭანდრის საჯარო სკოლის რეაბილიატაციაზე მოთხოვნა გვაქვს გაგზავნილი და შესაძლოა, მისი დაფინანსება წლის ბოლომდე მოხდეს.“

მისივე თქმით, შენობები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დამონტაჟდება ლიფტებიც. სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 7 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google