ინფრასტრუქტურა
სიღნაღის ციხე-გალავანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სიღნაღის ისტორიულ ციხე-გალავანს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.


ამ საკითხთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. მათ საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური მხარე და რეაბილიტაციის მასშტაბურობა განიხილეს.


როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე მუშავდება საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილი, რომელიც ციხე-გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო კვლევებს, პროექტირებას და შესაბამის მომზადებას გულისხმობს. ისტორიული ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია 2022-2023 წლებში განხორციელდება.

ცნობისთვის, ქალაქ სიღნაღის ისტორიული ციხე-გალავანი აგებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მრავალი წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

თუმცა, 2018 წელს პარკის რეაბილიტაციის დროს, გალავნის ერთი ნაწილი ხელოსნებმა ყვითლად შეღებეს, რასაც მაშინ საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. 

მერიას ახალი პროექტის შესადგენად და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ექვსთვიანი ვადა განუსაზღვრა. თუმცა, საბოლოოდ, მერიის ბრალეულობა არ გამოიკვეთა.

კომპანია "ინსტალ+"-ს კი, რომელიც გალავნის თაღზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, სასამართლომ, ჯარიმის სახით 12 000 ლარის გადახდა დააკისრა.
| Print |
FaceBook Twitter Google