ინფრასტრუქტურა
თელავში, ალაზნის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო
თელავში, ურბანული განახლების მიზნით, ალაზნის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის საფარის და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების მოწყობა.

„პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.“ - აღნიშნავენ მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე, გააადვილებს აღნიშნულ არეალში თავმოყრილ სავაჭრო, სამედიცინო და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

ცნობისთვის, სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ენ-დი როუდი“ ასრულებს 2 577 752 ლარი დაიხარჯება.





| Print |
FaceBook Twitter Google