ინფრასტრუქტურა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
კახთში ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა.

,,ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები გომბორის გზის 33 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის ფარგლებშიც ტარდება მეწყერ-საწინააღმდეგო ღონისძიებებიც. გათვალისწინებულია მოცულობითი სამუშაოები, მათ შორის, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინა-ბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ამჟამად, მთლიანობაში, კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მილიარდ 100 მილიონი ლარის პროექტები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი და ასევე, სარეაბილიტაციო პროექტები, რომლის ფარგლებშიც 165 კმ გზის რეაბილიტაცია მხოლოდ კახეთის რეგიონში მიმდინარეობს,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის რეგიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

როგორც ცნობილია, გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რის გამოც ამ გზით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ქვეყნაში შემოსული ტურისტები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი.

„გატარდება მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მიერთებები და ადგილობრივი შესასვლელები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.“-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, კახეთში, ჯამში, 25 პროექტი მიმდინარეობს, საიდანაც 4 ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტია. რეაბილიტაცია უტარდება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 30 კმ-იან და 11.5 კმ-იან მონაკვეთებს და ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების პირობების პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს პირველი, 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა /