ინფრასტრუქტურა
კახეთის მუნიციპალიტეტებს მყარი ნარჩენების შესაგროვებელი აღჭურვილობა და ტექნიკა გადაეცა
„მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

კერძოდ, „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, რეგიონის მუნიციპალიტეტებს 10 ერთეული პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანა, ნარჩენების შესაგროვებელი და საპრესით აღჭურვილი 23 ერთეული [7მ3 და 13მ3 მოცულობის] სპეციალური მანქანები გადაეცა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების 17 მუნიციპალიტეტისთვის ეტაპობრივად ხორციელდებოდა სპექციალური და სატვირთოს ტიპის მანქანების, კონტეინერების, ურნებისა და უნიფორმების გადაცემა.

„ჯამში, მუნიციპალიტეტებს გადაეცათ ნარჩენების შესაგროვებელი 72 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 12 005 ერთეული სხვადასხვა მოცულობის კონტეინერი და ურნა,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს [ყვარელი, ახმეტა, გურჯაანი, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო], პროგრამის ფარგლებში, ჯამში, ნარჩენების შესაგროვებელი 35 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 5 703 კონტეინერი გადაეცა.

კომპანია აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკური საშუალებებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის არსებულ სისტემას.

“ამ ეტაპისათვის ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, გადაგვეცა აღჭურვილობა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტისათვის. მასში შედის როგორც უშუალოდ აღჭურვილობა თანამშრომლებისათვის და სპეცტანსაცმელი თანამშრომლებისათვის, ასევე შედის სპეციალური დანიშნულების მანქანები როგორც უშუალოდ ქალაქის ქუჩების დასუფთავებისათვის, ასევე სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა დასახლებიდან ნარჩენების გამოტანის თვალსაზრისით,“ - ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგიბიანი.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, ახალი და თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის გადმოცემა ჩვენი რეგიონისთვის, ხელს შეუწყობს დასუფთავებისა და მყარი ნარჩენების მიმართულებით გასატარებელ ეფექტურ ღონისძიებებს

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის პროექტის ღირებულება ჯამში 6 800 000-მდე ევროს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google