ინფრასტრუქტურა
კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩაქროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზა ქართულმა კომპანიამ ააშენა.

„კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია, რაც კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელოვანი პროგრესის დასტურია. გეგმაზომიერად მიმდინარეობს დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობაც და ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. მაღალი პროგრესია საგარეჯოს შემოვლითის მონაკვეთზეც, სადაც გზის ნაწილი მოყვანილია ქვედა საფარში, სამუშაოები გრძელდება და მომდევნო წელს დასრულდება. ასევე, წელს დავიწყეთ მსოფლიო ბანკის სესხით დაფინანსებული პროექტის - საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა. სამუშაოები გეგმის შესაბამისად ვითარდება და აღნიშნული მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წელს არის განსაზღვრული, “- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, კახეთის მაგისტრალის დასრულებული და მშენებარე მონაკვეთების დათვალიერებისას განაცხადა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანის ნაწილია.

„თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალი გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს.“ - ამბობენ დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილი 31 კმ-ის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება.




| Print |
FaceBook Twitter Google