სოფლის მეურნეობა
პროექტი MOLI-ს ინიციატივა ფერმერების ინფორმირებისათვის
პროექტის „MOLI კახეთში“ ინიციატივით 13 აპრილს თელავში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს თუ რა როლი აკისრიათ კახეთში მოქმედ მედიის წარმომადგენლებსა და მსხვილ სასოფლო-სამეურნეო კომპანიებს სოფლის მეურნეობის შესახებ ფერმერების ინფორმირების თვალსაზრისით; დამსწრეთა შორის გამართული დებატების შემდეგ გამოიკვეთა ის გზები, რომელიც აუცილებელია მედიისა და მსხვილ სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიების თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე კახეთის მედიაორგანიზაციებმა პრეზენტაციები გააკეთეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული ქმედებებისა და ახალი იდეის/პროექტის შესახებ, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც უფრო ეფექტურად მოხდება ფერმერებამდე ინფორმაციის მიტანა. შეხვედრის მეორე ნაწილში კი სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელმა კომპანიებმა წარადგინეს თავისი კომპანიები. ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ექსტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა პანელ დისკუსია, რამდენიმე კომპანიისა და მედიის წარმომადგენელებს შორის. კონკრეტულ შეკითხვებზე უპასუხეს დისკუსიაში მონაწილე მხარეებმა.
შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიებისთვის მედიაორგანიზაციების ინიციატივების გაცნობა და საინფორმაციო ჰაბის შექმნაზე მუშაობის დაწყება.

„პროექტი MOLI“ (საბაზრო შესაძლებლობები საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კახეთის რეგიონში მცხოვრებ მცირე ფერმერებს გაზარდონ მათი საქონლის პროდუქტიულობა. ამის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში შეირჩა ქვესექტორები და პოტენციური პარტნიორები, მათი ჩართულობით მოხდა ბიზნეს მოდელების და ინტერვენციების შემუშავება.

პროექტის მიმდინარეობის ოთხი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი შედეგები უკვე სახეზეა, მოხდა კერძო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლის გაძლიერება, რამაც ხორცისა და რძის სექტორში პროდუქტიულობის ზრდა და ბაზრისადმი წვდომა გააუმჯობესა.




| Print |
FaceBook Twitter Google