სოფლის მეურნეობა
კახეთში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღება მიმდინარეობს
უამინდობის გამო ალოობა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თითქმის ერთდროულად დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ხორბლისა და ქერის მოსავალი 66585 ჰა ფართობზე უკვე აღებულია.
აქედან კახეთის რეგიონში - 56 229 ჰა, ქვემო ქართლის რეგიონში - 7 449 ჰა,შიდა ქართლის რეგიონში - 2 436 ჰა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 471 ჰა ფართობზე. მოსავლის შეუფერხებლად, აგროვადების მაქსიმალური დაცვით აღების უზრუნველყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სრული მობილიზება მოახდინა.

სამუშაოებში ჩართულია შპს ,,მექანიზატორის“ 87 ერთეული და აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დამატებით შემოყვანილი 30 ერთეული კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.
დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია - 72 ერთეული ტექნიკა (შპს ,,მექანიზატორი“ - 52, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 20), ქვემო ქართლის რეგიონში - 19 ერთეული კომბაინი (შპს ,,მექანიზატორი“ – 9, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 10), შიდა ქართლის რეგიონში - 20 ერთეული, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 5ერთეული, სამცხე-ჯავახეთში - 1 ერთეული შპს ,,მექანიზატორის” კომბაინი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წინა წლებთან შედარებით, თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. საშუალო მოსავლიანობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენს. გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ნათესი ფართობებიც - ქვეყნის მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ალოობა / კახეთი /