სოფლის მეურნეობა
სახელმწიფო მაყვლის, ჟოლოსა და კომშის გაშენებასაც დააფინანსებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებულ პროექტში - "დანერგე მომავალი“ ცვლილება განხორციელდა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი კულტურების გაშენებას ითვალისწინებს.
აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ფერმერებს საშუალება ექნებათ გააშენონ მაყვლისა და ჟოლოს კულტურები საქართველოს ყველა რეგიონში. ამავდროულად, პროექტს დაემატა კომშის გაშენების შესაძლებლობა კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთში.

აგროპროექტი „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში გაშენდა/შენდება 2044-ჰა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები, ხოლო სახელმწიფოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 9,767,644 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.

სრული ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკონ. (15 05)

| Print |
FaceBook Twitter Google