სოფლის მეურნეობა
პოლონეთში კონტრაფაქციული ქართული ღვინო იყიდებოდა
ქართული და ევროპული ოფიციალური უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, პოლონეთის ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში აღმოჩენილ, უკრაინაში წარმოებულ ღვინის ეტიკეტებზე დატანილი იყო ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელება - „კახეთი“.
მისივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა მითითებულ კონტრაფაქციულ საქონელთან დაკავშირებით, ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების საკითხებზე მიმართეს.

„ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მიერ პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსადმი გაცემული მითითების შესაბამისად, პოლონეთის სუპერმარკეტების ქსელში ინსპექტირება განხორციელდა. შედეგად დადგინდა, რომ ღვინო უკრაინაში იყო წარმოებული და იყიდებოდა ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების („კახეთი“) გამოყენებით, რის შემდგომ, იმიტირებული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google