სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო აშშ-ში ხუთ ღონისძიებაზე წარადგინეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინო ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თამთა ყველაიძის შეფასებით, გამართულმა ღონისძიებებმა უჩვენა, რომ აშშ-ში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდია, რაც აისახება კიდეც ექსპორტის მონაცემებში.
„ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ,RAW“-ს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს აშშ-ში, რომელიც რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. ამავე ქალაქებში გაიმართა 3 დეგუსტაცია - 2 ნიუ-იორკში და ერთიც ლოს-ანჯელესში, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო გაიცნონ საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებმა და პოტენციურმა იმპორტიორებმა“.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მე-9 ადგილზე გადავიდა. აშშ-ში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები: „ნათენაძის ღვინის მარანი“, „გოცას ღვინოები“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი - კვალითი“, „კერესელიძეების მარანი“, „ნაოტარი“, „ორგო“, „ბაბანეურის მარანი“, „ბრუალე“, „ივერი“, „მაკარიძის მეღვინეობა“, „ღვინის ქურდები“, „ფაფარი ველი“ და „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი“.

| Print |
FaceBook Twitter Google